საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო გონგაძესთან ერთად საზოგადოებას მონეტა წარუდგინა.
5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა დღეიდან, პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.
2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.