თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ბ.ო.-ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმე ეხება 2018 წლის 28 იანვარს გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მ.ო.-ს ცემის ფაქტს, კერძოდ 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
„შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებს სასამართლო
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 19 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება.