ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წერს, რომ ევროსასამართლოში დაიცავს მუსლიმის მოსწავლეების პანსიონატის ინტერესებს, რომლის საქმიანობასაც 2014 წლიდან ქობულეთში ადგილობრივი მოსახლეობა დისკრიმინაციულად უშლის ხელს.
EMC-ის მიხედვით, ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე განმცხადებლების ინტერესებს პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად დაიცავს.
EMC განცხადებაში წერს, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებენ. „პროტესტის გამოსახატავად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს იძულების უკიდურესი და მუსლიმი თემისთვის შეურაცხმყოფელი ფორმა აირჩიეს და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, ხოლო შენობის კარზე დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს.“ - წერს EMC.
განცხადების მიხედვით, პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე 15 სექტემბერს მიიღო, როცა პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა. „ამის შემდგომ, ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს. პროტესტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა 2014 წლის ნოემბრამდე, სანამ პანსიონატში მყოფი ბოლო განმცხადებელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა. ადგილობრივები პერიოდულად ისევ ახერხებდნენ პანსიონატის წინააღმდეგ ორგანიზებას (მაგ. შეკრება კიდევ ერთხელ გაიმართა 2015 წლის ივლისს). ამ პერიოდში განმცხადებლები მუდმივად ხდებოდნენ ისლამოფობიური, თურქოფობიური დამამცირებელი მიმართვების (მაგ.„თურქებო“, „თათრებო“, „მოღალატეებო“, „მუსლიმები აქ არ გვინდა“, „წადით აქედან თურქეთში და იქ ილოცეთ“) ადრესატები.“ - წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.