სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ წუთებში მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. მთავარ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრას ოჯახის ადვოკატებიც ესწრებიან.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე მათ მთავარ მოთხოვნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ოჯახის დაზარალებულად ცნობას, საქმის მასალებზე წვდომას, სპეცრაზმელის დასჯასა და თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას მოითხოვენ.
„ჩვენ მოვითხოვთ, დაზარალებულის სტატუსი მოგვენიჭოს და საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა, რათა გვქონდეს სრული სურათი, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება გაჭიანურდეს დაზარალებულად ცნობის პროცესი", - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.