„ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც.
„არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც.
მე უკვე ვესაუბრე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს და თუ დელეგაციების დახვედრისას თუ ამას მოითხოვს ეტიკეტი, შეიძლება, გამონაკლისი დავუშვათ. არც ერთი სხვა შემთხვევა ჩემთვის მისაღები არ იქნება, პირდაპირ ვამბობ ამას.
მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ და არ მგონია, რომ სხვა ფერის მანქანით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს.
ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველამ ერთად განვახორციელეთ, იყო იაპონიის მთავრობიდან ძალიან დიდი საჩუქარი. იგივე სტანდარტი ჩვენ, თანდათან, მთელ მთავრობაში უნდა მივიღოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.