მილენა მითაიშვილმა პროკურორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ლიბერალს" თავად ყოფილმა პროკურორმა დაუდასტურა.
პროკურორის შესახებ სტატია "ლიბერალმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე მეტია, თბილისის მთავარი პროკურატურა პროკურორ მილენა მითაიშვილის საქმეზე შიდა სამსახურეობრივ მოკვლევას აწარმოებს. პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ჩაიდინა თუ არა პროკურორმა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი.
ყოფილი პროკურორის თქმით, მიმდინარე გამოძიების გამო, საზოგადოებაში რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით, და არ შეილახოს პროკურატურის ობიექტურობის განცდა საზოგადოებაში, მან საქართველოს მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, "რაც ემსახურება ჩემი და პროკურატურის სახელისა და ღირსების შენარჩუნებას იმ არაჯანსაღი ცილისწამებებისგან, რასაც დღემდე აგრძელებს ადვოკატი ინგა არახამია." - ამბობს ჩვენთან საუბარში მითაიშვილი.
სტატია ეხება უკვე ყოფილი პროკურორისა და მისი შვილის ძიძებს შორის დაპირირპირებას. ერთ-ერთი ძიძა, ნინო ბოჭორიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ პროკურორი თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; ერეოდა მის პირად ცხოვრებაში და ხშირად ამოწმებდა მის პირად, სატელეფონო მიმოწერებს. მეორე ძიძა, მარიამ მინდიაშვილი კი ყვება, რომ პროკურორი მას სთხოვდა, რომ თავისი (მითაიშვილის) მეუღლის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა.
„დავილურჯებ სხეულს, ავიღებ ექსპერტის ცნობას და შენ თქვი, რომ მეუღლემ სცემაო. მე ვუთხარი ტყუილს არ ვიტყვი-მეთქი. პირიქით, ეგ კაწრავდა ქმარს. ის არ სცემდა“, - ამბობს მინდიაშვილი.
თუმცა ყოფილი პროკურორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ინგა არახამიამ გაავრცელა მის პირად ფეისბუქ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდომასალა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებილ დანაშაულს და რაზედაც კანონისმიერი რეაგირება მოჰყვა პროკურატურის მხრიდან, "კერძოდ რაზედაც არახამია საუბრობს ლიბერალის გამოცემაში, რომ მან გაავრცელა ვიდეო მასალა, რის გამოც მისგან ამოიღეს ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა".
"ინგა არახამია, რომელიც ახორციელებს ოჯახური ძალადობია საქმეზე მოძალადე რივერა ბენდელიანის დაცვას, ყველა ბინძური და არაკანონისმიერი ხერხით ახორციელება ჩემზე თავდასხმას, რათა მოახდინონ ჩემზე ზეწოლა რივერა ბენდელიანის მიმართ მიცემული მამხილებელი ინფორმაცის ჩემს მიერ შეცვლის მიზნით" - ამბობს მილენა მითაიშვილი.
გადადგომის შესახებ განცხადებას მთავარმა პროკურომა ხელი უკვე მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ამ ფაქტს თავად მილენა მითაიშვილი დაგვიდასტურებდა, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურის პრესამსახურიდან კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა ეს ვერ შევძელით.