საქართველოს შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 2016 წლის 14 ნოემბრიდან აღარ არის.
„ლიბერალმა“ გამოთხოვილი დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დღეს მიიღო.
დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას მიეცა ნებართვა, გავიდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობიდან.
აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალმა" შსს-დან 2017 წლის 8 დეკემბერს გამოითხოვა. პასუხად კი უწყებამ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ცნობა გამოგვიგზავნა.
ცნობისთვის, საქართველოს ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა 2000 წლის 5 აგვისტოს მიიღო.
„ლიბერალმა“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ასევე გამოითხოვა დოკუმენტაცია, თუ როდის მიიღო გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეობა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, გიორგი გახარიას საქართველოს მოქალაქეობა 2012 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით მიენიჭა.
გიორგი გახარია 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს. 27.11.2016-დან 13.11.2017-მდე კი იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.