თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლელა გაფრინდაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორს განცხადებით მიმართა, გამოიყენოს უფლებამოსილება და სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვის ინიციატივით მიმართოს.
„მოგეხსენებათ, რომ გამოქვეყნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში".
ამ ანგარიშის II თავი სამეურვეო საბჭოს საქმიანობას ეხება.
ანგარიშის IV თავის 3-ე პუნქტში კი საუბარია უსაფუძვლოდ გაცემულ ჰონორარზე.
აუდიტის ანგარიშისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება და სამეურვეო საბჭოს მიმართოთ ინიციატივით, რათა გაიმართოს სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე ღია სხდომა, რომელიც აუდიტს დასკვნას მიეძღვნება.
სამეურვეო საბჭოს ამ სხდომის მუშაობაში მე ჩავერთვები იმ მომენტიდან, როცა მსჯელობა დაიწყება აუდიტის დასკვნის ჩემთან დაკავშირებულ ნაწილზე. სასურველია, რომ სამეურვეო საბჭოს ამ სხდომას დაესწრონ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების პერიოდის თანამშრომლები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებულები არიან". - წერია განცხადებაში.
მანამდე გაფრინდაშვილმა თავად ბორდს მიმართა, სხდომის გამართვის თხოვნით, თუმცა პასუხი მხოლოდ გენერალური დირექტორისადმი განცხადების შემდეგ მიიღო:
„საბჭოს წევრების დავალებით გაცნობებთ, რომ ხვალ 2018 წლის 6 თებერვალს 12:00 სათზე სამეურვეო საბჭოს წევრები მზად არიან, შეგხვდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, კერძოდ, საბჭოს სხდომათა ოთახში სამუშაო შეხედრაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ვიდეოს გადაღება.
თუ ზემოთ აღნიშნული შეხვედრის დრო და თარიღი არ არის შენთვის მისაღები, მომწერე მისაღები დრო და შევათანხმებ საბჭოს წევრებთან". - ვკითხულობთ საბჭოს მდივნის წერილობით პასუხში.
აღნიშნულ სხდომას, გამართვისა და საჯაროობის შემთხვევაში, „ლიბერალი" Facebook-ის LIVE-ს მეშვეობით, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
_________________________________________
„ეს შესაძლოა იყოს კომპრომეტირების მცდელობა" - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი, აუდიტის იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრი ჰონორარს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში იღებდა, საუბარია 12 800 ლარზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს წევრი ლელა გაფრინდაშვილი იყო.
გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მას მართლაც ერიცხებოდა თანხა, თუმცა მიიჩნევდა, რომ ეს იყო ანაზღაურება კვლევითი სამუშაოსთვის, რომელსაც იგი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეწეოდა. კვლევა ეხება საზოგადოებრივი საბჭოების კონცეფციას. გაფრინაშვილის თქმით, ის პერიოდულად აყენებდა საქმის კურსში ბორდის თავმჯდომარეს და წევრებს კვლევის მიმდინარეობის შესახებ.