ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე, თამთა ყუბანეიშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი ამბების ბლოკის ერთ-ერთი პროდიუსერია. ეს ინფორმაცია მინისტრის 2017 წლის დეკლარაციაშია ასახული.
თამთა ყუბანეიშვილი პროფესიით ჟურნალისტია და „საზოგადოებრივ მაუწყებლამდე“ GDS-ში მუშაობდა პროდიუსერად.
როგორ შეარჩიეს თამთა ყუბანეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე და რას ფიქრობს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ - თამთა ყუბანეიშვილმა „ლიბერალის“ შეკითხვებს უპასუხა. მისი განმარტებით, გადაცემების - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ და „კვირის ინტერვიუს“ რიგითი პროდიუსერია და გადაწყვეტილებებს არ იღებს.
თამთა ყუბანეიშვილი ამბობს, რომ პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას და მიაჩნია, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.
თუმცა არ აზუსტებს აღნიშნულ პოზიციაზე, როგორ შეარჩიეს.
„არ მგონია, რომ იყოს ინტერესთა კონფლიქტი, იმიტომ, რომ ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებ და ვფიქრობ, პროფესიონალურად. ეს [ინტერესთა კონფლიქტი] არ გამოხატულა იმ გადაცემაში, რომელშიც მე ვარ ჩართული. ეს არის რამდენიმე გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან“ და „კვირის ინტერვიუ“ ირაკლი აბსანძესთან ერთად. გავიარე ჩვეულებრივად ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, როცა პილოტები მზადდებოდა და შემდეგ უკვე ამ გადაცემებში დამნიშნეს, ერთ-ერთ რიგით პროდიუსერად. მე არ ვარ მთავარი პროდიუსერი და გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მე ვარ დამხმარე პროდიუსერი. ამ გადაცემებს ჰყავს თავისი ავტორი და, რა თქმა უნდა, მთავარი პროდიუსერი“, - განაცხადა თამარ ყუბანეიშვილმა „ლიბერალთან“.
თამარ ყუბანეიშვილის ამ პოზიციაზე შერჩევის საკითხზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს მივმართეთ.
გვიმრაძის თქმით, თამთა ყუბანეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე ია ანთაძის რეკომენდაციით შეარჩიეს. როგორც გვიმრაძე ამბობს, ყუბანეიშვილი კონტენტის შექმნის ნაწილში არ მონაწილეობს, რადგან ის არის დამხმარე პროდიუსერი და არ განსაზღვრავს თემის შერჩევას.
„ის ახალი ამბების ბლოკში კი არის, მაგრამ კონკრეტული გადაცემემების პროდიუსერია. თამთა არ იღებს მონაწილეობას კონტენტის ნაწილში, ის არის დამხმარე პროდიუსერი, არ განსაზღვრავს, რა თემა იქნება შერჩეული და როგორ. ჩვენთან თემები ირჩევა „სუპერდესკზე“ - ის, რაც მართავს „ნიუსრუმს“. ამ გადაცემებს რაც შეეხება, ისინი საავტოროა. ერთი ირაკლი აბსანძეს მიჰყავს და მეორე - მაკა ცინცაძეს. თემების შერჩევასა და დამუშავებაში თამთა არ მონაწილეობს. ის ეხმარება გადაცემებს, რაც მას კარგად გამოსდის და ასე იყო შერჩეული ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ, - „მას რეკომენდაცია გაუწია ია ანთაძემ, ეს რეკომენდაცია ჩვენ გავითვალისწინეთ, როცა ვეძებდით კონკრეტულად ამ თანამდებობისთვის ადამიანს. ამ თანამდებობას იკავებს მას შემდეგ, რაც ამ გადაცემების მომზადება დაიწყო. თარიღი ზუსტად არ მახსოვს, სადღაც ზაფხულიდან, ან გაზაფხულიდან“.
„ლიბერალი" აღნიშნულ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუკავშირდა, როგორც საიაში განმარტეს, „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მინისტრის ცოლის დანიშვნით კანონი არ ირღვევა.
„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის" ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი კი „ლიბერალთან" საუბარში ყურადღებას ეთიკურ პრობლემაზე ამახვილებს. როგორც ის ამბობს, „საზოგადოებრივ მაუწყებელში" ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როცა მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულან. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის დგება ინტერესთა კონფლიქტის საშიშროება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში ყოფილა ინტერესთა კონფლიქტი, როცა თანამდებობაზე მყოფების მეუღლეები და ოჯახის წევრები მუშაობდნენ არაერთ პოზიციაზე. ბოლოს ამ მიზეზით ეკა მიშველაძე გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფორმა იყო მიუღებელი პირადად ჩემთვის, როგორ გაუშვეს ეკა თანამდებობიდან, მნიშვნელოვანია დასაბუთება, რომ ნამდვილად ეთიკური კუთხით დგება ინტერესთა კონფლიქტი ყოველთვის, როცა მეუღლე არის ასეთ პოზიციაზე ან არის აქტიურ პოლიტიკაში, არის თანამდებობის პირი“, - თქვა ნათია კუპრაშვილმა.
კუპრაშვილის თქმით, კანონი ეკა მიშველაძესთან მიმართებაში გახდა სადავო და ამ შემთხვევაშიც სადავო იქნება, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით, როცა საზოგადეობრივ-პოლიტიკური გადაცემის გაშუქება იმ პირის მოვალეობაა, რომლის მეუღლეც მინისტრია, დგება ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც.
„მე რომ ვიყო ასეთ სიტუაციაში, დავინახავდი ინტერესთა კონფლიქტს და წავიდოდი კონკრეტული პოზიციიდან, რა თქმა უნდა. მე ასე მესმის ჟურნალისტური სტანდარტები და ასე ვიზიარებ ამას.
ხოლო, რაც წერია უშუალოდ კანონში, მახსოვს, ეკასთან მიმართებაში გახდა სადავო, გულისხმობდა თუ არა ის იმას, რაც იგულისხმა მაშინდელმა მენეჯმენტმა და დაითხოვა ეკა სამსახურიდან. ეს ახლაც სადავო იქნება ყველა შემთხვევაში, მაგრამ წმინდა ეთიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დგება ინტერესთა კონფლიქტი, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემის გაშუქება შენი უშუალო მოვალეობაა და მეუღლე ან ოჯახის წევრი არის საჯარო მოხელე, ანუ პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, ლიდერი“, - თქვა კუპრაშვილმა.