თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე კვირის წინ ორგანიზებული შეხვედრის შინაარს ეხმაურება, რასაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე კვირის წინ ორგანიზებული შეხვედრის შინაარსს.
როგორც უხუცესებისგან რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, აღნიშნული შეხვედრის დროს, სუს-მა უხუცესებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილის გარდა, თბილისში ბერი სალოსის ქუჩაზე დაღუპული სპეცრაზმელისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მცირეწლოვანი შვილების რამდენიმე ფოტო გაუზიარეს. უხუცესების თქმით, მათთვის ბოლომდე ნათელი არ იყო ამ ფოტოების ჩვენების მიზანი და უხერხულადაც კი იგრძნეს თავი. მათი შთაბეჭდილებით, სახელმწიფო სპეცოპერაციის მონაწილის დაღუპვის გამო, მისთვის მიყენებული ზიანის ხაზგასმას და თემირლანის სიკვდილის გაბათილებას ან გამართლებას ცდილობდა. შეხვედრის დეტალებს და შთაბეჭდილებებს უხუცესები უკეთ ახსნიან.
ჩვენ ღრმა მწუხარებას და თანადგომას გამოვთქვამთ ოპერაციის დროს დაღუპული ვანო გოლოშვილის ოჯახის მიმართ, რომელიც საკუთარი ვალდებულებების შესრულებას ემსხვერპლა. დაე, მის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს უფალი ფარავდეს და ღირსეული მამის ღირსეულ შვილებად აღიზარდონ. სამწუხარო და პრობლემურია, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანების მსხვერპლი.
ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ გახდა საჭირო სუს-ისთვის ორი სიკვდილის - სპეცრაზმელის და თემირლანის სიკვდილის ისტორიის ერთმანეთთან დაპირისპირება და დაღუპული სპეცრაზმელის ისტორიით მანიპულირება? სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბრად დაიცვას და მისთვის ჩვენი ყველას სიცოცხლე თანაბრად ღირებული უნდა იყოს. არ არსებობს ნაკლებად ღირებული ადამიანი ან სიცოცხლე. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ ჩვენი გამჩენი ღმერთისა და სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფოს მაღალი მხარდაჭერა აქვს მისი მოხელეების მიმართ, თუმცა მისთვის ჩვენიანები და სხვები არ უნდა არსებობდეს. სპეცრაზმელის დაღუპვის სამწუხარო ამბავს, თემირლანი საერთოდ არ უკავშირდება და ეს მალე დადგინდება.
სამწუხაროდ, სუს-ის ეს მოქმედება არა მხოლოდ სახელმწიფოს მიკერძოებას აჩვენებს, ჩვენთვის, თემირლანის ოჯახისთვის, ერთგვარ რევანშადაც აღიქმება.
მთელი ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო თემირლანის დამნდაშავედ წარმოჩინებას ცდილობს. ის ცდილობს გააქროს მისი სიცოცხლის ღირებულება,მისი უფლებები და ამით ღირსება აყაროს. ეს კარგად გამოჩნდა თემირლანის დაკრძალვის პროცესშიც, როცა ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა ჩვენი ტკივილის და სამძიმრის გაზიარება არ მოინდომა. ამით სახელმწიფომ თქვა, რომ მას არ აინტერესებს თემირლანის არც სიცოცხლე და არც სიკვდილი. ჩვენთვის ეს იყო მტკივნეული და სახელმწიფოს გარეშე დარჩენის მძიმე შეგრძნება, მაგრამ ხელისუფლებისთვის ეს გულგრილობა არის მხოლოდ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. მით უმეტეს, როცა სწორედ სახელმწიფოს ტყვიამ მოკლა ჩვენი შვილი.
გვინდა, გამოძიებამ დეტალურად შეისწავლოს ჩვენი შვილის სიცოცხლის ხელყოფის მოტივები და ამ საკითხის შესწავლის დროს, ყურადღება გაამახვილოს ჩვენ მიერ მოთხრობილ ამ ისტორიაზე". - ვკითხულობთ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებაში.