საქართველოს ბიზნესომბუდსმენი პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესსა და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები არიან ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და მათ საშუალება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დააფიქსირონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესსექტორი მიესალმება და მხარს უჭერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე ქმედით ნაბიჯებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მაღალი სტანდარტის პროდუქციის თუ სერვისების წარმოებას უკავშირდება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში არსებობს რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, ბიზნესის და ბიზნესის სფეროში დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია - ცხადი რეგულაციების შემუშავების, გაურკვევლობებისა და ბიზნესის საქმიანობის რაიმე სახით ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტის უკანასკნელი ვერსიიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს აქვს შემდეგი რეკომენდაციები:
სანქციების ოდენობა - სანქციების ოდენობა და კომბინაცია უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური, რაც ხელს შეუწყობს კანონპროექტის ეფექტურობას. სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტებს.
კანონის ამოქმედების ვადები - კანონპროექტის, ისევე როგორც მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების ამოქმედების ვადები უნდა განისაზღვროს გონივრულად, რათა ბიზნესს მიეცეს ადეკვატური დრო გაეცნოს ახალ რეგულაციებს/რეგლამენტებს და თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ვალდებულებებთან. რა თქმა უნდა გასათვალისწინელებელია მძიმე, მავნე, საშიში და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებთან მიმართებაში მისი სწრაფად ამოქმედების მნიშვნელობა.
დამსაქმებლის და დასაქმებულის პასუხისმგებლობა - მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. დასაქმებულის ბრალეულობით (განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით) შემთხვევის დადგომისას, არ დადგეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.
ადმინისტრირების და კანონის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა - დაზუსტებას მოითხოვს ისეთი საკითხები, როგორებიცაა - მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, პროფესიული დაავადებების აღრიცხვა, დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა და დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება. მნიშვნელოვანია, კანონით განისაზღვროს რეგისტრაციას დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემები, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ეს იქნება პირადი სახის მონაცემები.
სახელმწიფოს თანამონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ დაგეგმარებაში - საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სიმცირის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პროფესიული გადამზადების კუთხით პროგრამების არსებობა, რათა რიგ საწარმოებს არ გაუჭირდეთ შიდა შრომის უსაფრთხოების სისტემის კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს.