იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან გასაუბრებას მართავს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭომ კანდიდატებთან გასაუბრებისას კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, რამდენიმე თვის წინ მოსამართლეების უვადოდ გამწესებისას, მან რამდენიმე კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმში უარყოფითად შეაფასა. ისინი, მისი თქმით, იმ გავლენიან ჯგუფს წარმოადგენენ, რომელიც დღეს იუსტიციის საბჭოშია.
„ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსამართლეთა უმეტესობას ათ წელზე მეტი ვადით აქვს მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, კომპეტენციის საკითხი ჩემთვის უკვე უფრო ნაკლებად დგას, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაკი გამოცდილია, კომპეტენცია ამოწურული თემაა. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. აუცილებლად იმის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, აკმაყოფილებს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოსამართლეებს უვადოდ ვამწესებდით, მაშინ რამდენიმე კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმში უარყოფითად შევაფასე. ისინი არიან იმ გავლენიანი ჯგუფის წევრები, რომელიც დღეს იუსტიციის საბჭოშია წარმოდგენილი. ამაზე მწვავე კრიტიკა დავიმსახურე საბჭოს წევრების მხრიდან. ამიტომ, ამ შემთხვევაში მე ვიქნები უკომპრომისო. თუკი ადამიანს აქვს ისეთი წარსული, რომელიც კითხვას აჩენს, ვფიქრობ, ეს საბჭოს თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა, - „ვინაიდან, კომპეტენცია ეს არის საკითხი, რომელიც გაუმჯობესებას ექვემდებარება და შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მეთოდი დაიხვეწოს და მოსამართლე უფრო კომპეტენტური გახდეს. მაგრამ მთავარია, ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მე მაქვს გარკვეული შთაბეჭდილებები მათ შესახებ. ჩვენ უკვე გვაქვს მათ შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეს არის საკმაოდ დიდი რესურსი და ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკმაოდ სრულყოფილად მათ შესახებ".
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ განწესებაზე განაცხადი სულ 51-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან გასაუბრებას დღეს 17 კანდიდატი გაივლის: შორენა გუნცაძე, ნათია გუჯაბიძე, ნონა ზარქუა, ლილი მსხილაძე, ლია ავალიშვილი, მიხეილ ბებიაშვილი, დიანა ბერეკაშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ლევან გვარამია, გოდერძი გიორგიშვილი, გიორგი გოგინაშვილი, გურამ გოცირიძე, კობა გოცირიძე, ირინა ზარქუა, დალი აბჟანდაძე, მანუჩარ კაპანაძე და დავით კეკენაძე.
უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას 6-დან 8 თებერვლის ჩათვლით გამართავს.