Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რა აქცევს დემნა გვასალიას ყველაზე მაგარ დიზაინერად პარიზში?"

08 თებერვალი, 2018 15:15

„გარდიანმა“ დემნა გვასალიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ჯეს კორტნი-მოლი Balenciaga-ს დიზაინერ დემნა გვასალიას მოდაზე, Vetements-სა და დიზაინერის სტილზე წერს.

„რომ გაიგოთ, რა აქცევს დემნა გვასალიას ყველაზე მაგარ დიზაინერად პარიზში, ჯერ ის ყველაფერი უნდა დაივიწყოთ, რაც პარიზის შესახებ გაგონდებათ. უნდა დაივიწყოთ კატრინ დენევი, ჯეინ ბირკინი, ფრანსუა ჰარდი. დაივიწყოთ მანტოები და აბრეშუმის ზედები, თხელძირიანი ფეხსაცმელები და დაწნული კალათები. ამელი მონმარტში და კერი ბროდშოუ ლადურეში.“ - წერს კორტნი-მოლი „გარდიანში“.

„დემნა გვასალიას პარიზი სხვანაირია. ამ პარიზს გაიცნობთ თუ ფრანგულ სატელევიზიო სერიალ სპირალის ბოლო სერიებს ადევნებდით თვალს. ეს არის ქალაქი, რომელსაც ლეილა სლიმანის რომანის პერსონაჟის თვალებით ვხედავთ. ძიძა ლუისის თვალებით, როცა სამუშაოს შემდეგ თავისი დამსაქმებლის აპარტამენტიდან საკუთარ უბანში ბრუნდება. ეს არის ტელეფონების მაღაზიებისა და „ფასთ ფუდის“ ქალაქი. სადაც გლამური ვიწრო ჯინსი და ყალბი ხელჩანთაა. სადაც ქუჩის ხმაურია განსხვავებული ენა და არა ედით პიაფის ჰარმონიული მუსიკა.“

სტატიაში ჟურნალისტი გვასალიას ბოლო ჩვენებაზე წერს. რომელიც პარიზის მოდის სამყაროსთვის უჩვეულო გარემოში შედგა. სადაც გვასალიას პოდიუმი ძველმანების ბაზრობის ნაქსოვი ხალიჩა იყო.

ფოტო: Victor Boyko/Getty Images

ჟურნალისტთან თავის შესახებ საუბრობს თავად გვასალიაც. კორტნი-მოლის თქმით, დიზაინერი რომელიც მოდის სამყაროში თავის პრაგმატულობით და ქუჩის მოდისკენ მიდრეკილებით გამოირჩევა, თავის სტუდიაში 4 მარტს დაგეგმილ Balenciaga-ს ჩვენებისთვის მზადებისას შეხვდა.

„არ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობა რელევანტურია“ - ამბობს გვასალია „გარდიანთან“ ინტერვიუში. „Vetements ქუჩის მოდაა და იქ ელეგანტურობა ხალხის მიზანი არ არის. მე ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს განსხვავებულად ვაკეთებთ, მაგრამ თან ეს ყველაფერი მსგავსია. რადგან არ აქვს მნიშვნელობა, შენ Vetements-ის კაპიუშონი გაცვია თუ სხვა დიზაინერის შეკერილი კაბა, მთავარია, ვინც მას იცვამს, ფიქრობდეს: მე მომწონს, რაც მაცვია, ბედნიერი ვარ იმით, როგორც გამოვიყურები.“ - ჰყვება გვასალია.

როგორც „გარდიანი“ წერს, გვასალია სცენაზე 2014 წელს Vetements-ის საკულტო კოლექციით გამოვიდა, მომდევნო წელს იყო გადავსებული ჩვენებები ჩინურ რესტორნებში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს განსაკუთრებით რთული იყო ასეთი დიზაინისთვის თავის დამკვიდრება, Vetements მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზ გავლენიან მარკად იქცა.

ფოტო: Kristy Sparow/Getty Imagesშემდეგ წელს გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად მიიწვიეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ დიზაინერად იქცა. ამასთან „გარდიანი“ იმასაც აზუსტებს, რომ ცნობილი ჰიფ-ჰოფ არტისტი კანიე ვესტი მის ჩვენებებზე Balenciaga-მდეც კი დადიოდა.

„ჩემს ხედვას რაც შეეხება, აქ განსხვავებული ჩემი პრაგმატიზიმია“, - ჰყვება დიზაინერი. „მოდის სფერო რეალური სამყარო არ არის და ჩემი ესთეტიკაც გარკვეულწილად ჰიპერრეალისტურია. არც ის მსურს, რომ ოცნებებში ცხოვრებას ვეცადო.“ - წერს „გარდიანი“ გვასალის სიტყვებს და წერს, რომ გამორჩეული იყო გვასალიას გადაწყვეტილებაც დაეტოვებინა პარიზი

ფოტო: Kristy Sparow/Getty Images

და Vetements-ის მთავარი ოფისი ციურიხში თავის უმცროს ძმასთან და Vetements-ის აღმასრულებელ დირექტორ გურამ გვასალიასთან გადაეტანა. როგორც ჟურნალისტი წერს, ის მოდის დედაქალაქად წოდებული პარიზის დატოვებას რომანტიკულად არც უყურებს - „ჩემი კვლევის უმეტეს ნაწილს ეკრანზე ვატარებ. ასე რომ ყველგან შემიძლია ყოფნა, რა განსხვავებაა?“

„გარდიანის“ სტატია Vetements-ზე საბჭოთა ესთეტიკის გავლენაზეც ჰყვება: „გვასალია 1981 წელს საქართველოში, სოხუმში დაიბადა. სადაც 1989 წელს რკინის ფარდა და მისი ბავშვობის სწორხაზოვანი საბჭოთა ესთეტიკა დაინგრა. მოულოდნელად გაჩნდა პოპმუსიკა, კოკა-კოლა, ჟურნალი „ვოგი“ და ვიზუალის დიდი კოლაჟი. როგორც გვასალია ამბობს Vetements-ის ბოლო ჩვენება მის აღმოსავლეთ ევროპულ ფესვებთან ყველაზე ახლოს იყო. „ეს 100%-ით მე ვიყავი, 100%-ით ჩემი ესთეტიკა“ - ამბობს გვასალია. „ისე მოხდა, რომ Instagram-ით ჩვენებისთვის 16 წლის ქართველი გოგოც შევარჩიეთ, მაგრამ, როცა წითელი ქურთუკი და ყვავილებიანი კაბა ჩავაცვი, თავსაბურავითა და ყელიანი ფეხსაცმლით, ის ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ერთ-ერთი ქალი ჩემი ბავშვობის ადგილიდან“ - ამბობს დიზაინერი. 10 წლის ასაკში ომმა იფეთქა და გვასალია ძმასთან, დედასა და ბებიასთან ერთად კავკასიონის გავლით გაიქცა სახლიდან. ავტომობილის იძულებით დატოვების შემდეგ, მათ „კალაშნიკოვის“ ავტომატი გაყიდეს ბებიისთვის ცხენი რომ ეშოვათ და თბილისამდე ჩაეღწიათ, სადაც შემდეგ დამკვიდრნენ კიდეც. ეს უჩვეულო ისტორიაა მოდის სამყაროში“ - წერს „გარდიანი“.

დემნა გვასალია Vetements-ზე თავისი თვისებების გავლენაზეც ჰყვება. „ბავშვობიდან რისკზე წასვლას არ ვუშინდებოდი და ეს Vetements-ის გენშია, ხოლო მოდის სამყაროში გადარჩენისთვის რისკზე წასვლა აუცილებელია.“ - ყვება დიზაინერი. 

„გარდიანი“ წერს, რომ გვასალიას ახლა გულწრფელობის აკვიატება აქვს. „ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში, ყველგან ჩვენს ირგვლივ. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა“ - ამბობს დემნა ჟურნალისტთან და შემდეგ მის სტილზე დიზაინერ მარტინ მარჯიელას გავლენაზეც ჰყვება. „ეს კითხვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. საჭიროა, რომ ჩემზე მარჯიელას გავლენას - ამ ჩემთვის დელიკატურ თემას შევხებოდით“ - ამბობს გვასალია და მარჯიელას ცნობილ მაღალყელიანი ფეხსაცმელების საკუთარ ჩვენებებზე გამოყენების შესახებ იხსენებს.

„გარდიანის“ მიხედვით, მისი შემდეგი პროექტი Balenciaga-ში ტექნოლოგიურად დატვირთული იქნება და შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა მოდას ტექნოლოგია, გვასალია ამბობს: „ჯერ არ ვიცი. არ შემიძლია მომავლის დანახვა. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ყველაფერი იცვლება.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^