Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: მეტრო „ახმეტელის“ შემთხვევაში ორ კომპანიას შორის შესაძლოა შედგა გარიგება

09 თებერვალი, 2018 15:23

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ  თბილისის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოების ტენდერებში შპს „ყვარელრემმშენის“ მონაწილეობის ანალიზი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მეტრო ახმეტელის შემთხვევაში ორ კომპანიას შორის შესაძლოა შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც, ქვეკონტრაქტირების საშუალებით, მოხდა ტენდერის ფასის ხელოვნური ზრდა და სისტემის მიღმა კონტრაქტის განაწილება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მასალა დღეს გამოაქვეყნა:

შესაძლო გარიგება

იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე კომპანიები თანხმდებიან ხელშეკრულებების განაწილებაზე, სატენდერო წინადადებების ფასებზე ან ერთმანეთის ხელშეკრულებების შესრულებაზე სისტემის გვერდის ავლით, ვიღებთ მოჩვენებით კონკურენციას, უხარისხო მომსახურებას და სახელმწიფო რესურსების არა ეფექტიან გამოყენებას.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ შპს „ყვარელრემმშენი“ მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერის გარდა, ასევე მონაწილეობდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც (ტენდერის # SPA160025375). შესყიდვა გამოცხადდა მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერამდე 1 კვირით ადრე. ამ ტენდერში ყვარელრემმშენს ჰყავდა ერთი კონკურენტი - შპს „დამბა“ (ს/კ 404384625). აღნიშნული ტენდერის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ შპს „დამბამ“ და შპს „ყვარელრემმშენმა“ ხელოვნურად გაზარდეს წინადადების ფასი და შემდგომ გაინაწილეს თანხა.

არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელიც პოტენციურ გარიგებაზე მიუთითებს:

შპს „ყვარლემმშენმა“ სატენდერო წინადადების საწყის ფასად დააფიქსირა 447,728 ლარი, ხოლო შპს „დამბამ“ 523,215 ლარი. თავად ტენდერის სავარაუდო ღირებულება (ანუ ღირებულება, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ) იყო 559,659 ლარი. ელექტრონული ტენდერისას მონაწილეთა შორის იმართება ვაჭრობა რევერსული აუქციონის პრინციპით, ანუ ტენდერის მონაწილეები რიგ-რიგობით ამცირებენ საკუთარ სატენდერო წინადადებას (ჯამში თითო მონაწილე 3-ჯერ). თუმცა, მონაწილე კომპანიებმა არცერთ რაუნდში არ შეცვალეს საკუთარი წინადადებები და დასჯერდნენ პირველად დაფიქსირებულ თანხას.

საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, შემსყიდველი (ამ შემთხვევაში თბილისის სატრანსპორტო კომპანია) ვალდებულია განიხილოს ყველაზე დაბალი ფასის შემომთავაზებელი კომპანიის განაცხადი, რათა დაადგინოს მისი შესაძლებლობები და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა.

შპს „ყვარელრემმშენის“ სატენდერო განაცხადისა და დოკუმენტაციის შემოწმებისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღმოაჩინა რამდენიმე ხარვეზი, რომლის გამოსწორება/დაზუსტება მოსთხოვა კომპანიას 3 სამუშაო დღის განმავლობაში (რისი უფლებაც კანონმდებლობით აქვს). ეს დასტურდება სატენდერო კომისიის სხდომის #2 ოქმით.

დაზუსტების შემდეგ, დოკუმენტაციაში კვლავ დადგინდა ხარვეზები – ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეუსაბამობები და არასწორად მითითებული თანხები, რაც მანამდე სწორად იყო მითითებული (ოქმი # 3). ხელმეორედ დაზუსტების უფლება კანონმდებლობით არაა დასაშვები, შესაბამისად, შპს „ყვარელრემმშენი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან.

ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „დამბას“ შემოთავაზება, რომელსაც ასევე დასჭირდა დაზუსტება, თუმცა პრობლემა არ შექმნია და დროულად მიაწოდა კომისიას საჭირო ინფორმაცია. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს „დამბამ“ – 523,215 ლარიანი შეთავაზებით.

შპს „დამბამ“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წლის 12 დეკემბერს.  როგორც აღმოჩნდა, იმავე დღეს, თავად შპს „დამბამ“ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ყვარელრემმშენთან“, რომლის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი „ახმეტელის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს“.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დამბა“ ჯამური ღირებულების (523,215 ლარი) მხოლოდ 6%-ს მიიღებდა – ანუ 31,392.9 ლარს. შპს „ყვარელრემმშენს“ კი კონტრაქტიდან დარჩებოდა 491,822.1 ლარი (კომპანიის მიერ თავდაპირველად წარდგენილ თანხაზე მეტი).

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ დამბასთან დადებული კონტრაქტის თანახმად, შემსყიდველი წერილობით უნდა დათანხმებოდა ქვეკონტრაქტის გაფორმებას მესამე პირთან, ამიტომ, გაუგებარია, რატომ დათანხმდა იგი კონტრაქტის გადაცემას მის მიერვე დისკვალიფიცირებული კომპანიისთვის.

დახურული ქვეკონტრაქტირება

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მიმწოდებელს აქვს უფლება მოგებული კონტრაქტი ნაწილობრივ ან სრულად გადასცეს სხვა კომპანიას, რომელზეც არ ვრცელდება სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება. ამასთან, ქვეკონტრაქტირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო არ არის, რაც კორუფციისა და უკანონო გარიგებების სერიოზული წყაროა. კანონმდებლობით ასევე არ არის დადგენილი ქვეკონტრაქტირების მაქსიმალური ზღვარი, ანუ ტენდერის ის მაქსიმალური მოცულობა, რაც მიმწოდებელს შეუძლია გადასცეს მესამე პირს.

ასეთ პირობებში, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, თუ რეალურად ვინ ასრულებს სამუშაოს და აკმაყოფილებს თუ არა ეს კომპანია საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გარდა ამისა, დახურული ქვეკონტრაქტები გაცილებით ართულებს შესაძლო უკანონო გარიგებების გამოვლენას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^