"აფგან მუხთარლის ბედი აღარ მაინტერესებს, რადგან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უღირსად მოექცა. მისგან ამას არ ვიმსახურებდით" - უთხრა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
"იმ ქვეყანას, რომელმაც შეიფარა, ძალიან უღირსად მოექცა. მუხთარლი საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და ქვეყანას არ დაუმსახურებია, რომ მან ციხიდან საქართველოსა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამგვარი ბინძური კამპანია აწარმოოს:" - განაცხადა დეპუტატმა. პარლამენტარის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მისი გატაცებაში პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერს აკისრებს.
აფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული.
მუხთარლის თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.
აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა.