იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორმა ყოფილმა თანამშრომელმა ეროვნული არქივის შენობასთან აქცია გამართა. ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ 2014 წელს უკანონდ გათავისუფლების გამო იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგეს. ამის მიუხედავად, მათი თქმით, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.
ცენტრის ყოფილი თანამშრომლები დღეს თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ. იუსტიციის მინისტრს ეროვნული არქივის შენობაში საზეიმო მიღება ჰქონდა, სადაც იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამაში მიღწეულ წარმატებებზე პრეზენტაციას მართავდა. ანა სუბელიანის თქმით, ისინი სტუმრებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის „მთავარ მიღწევას“ აცნობდნენ, რომ უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. „ცენტრი ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაშია შესული.“ - ამბობს სუბელიანი.
ანა სუბელიანის თქმით, ის და თამაზ ახობაძე 2014 წელს უშუალოდ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. მიზეზად სუბელიანი ცენტრის დირექტორის დავით მაისურაძის გათავისუფლების გამო წულუკიანის მიმართ Facebook-ზე გამოხატულ კრიტიკას ასახელებს. ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს საქართველოში სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოუგეს დავა. ამის მიუხედავად, როგორც სუბელიანი ჰყვება, თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. უწყებას ისინი თავის პოზიციებზე უნდა აღედგინა და ოთხი წლის განაცდური აენაზღაურებინა.
„იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო სწავლობს ამ საქმეს და ცდილობს, შესაბამისად იმოქმედოს, რაც მისი მანდატი არ არის. საქმე შეისწავლა სასამართლომ, ასე რომ, ერთადერთი, რისი ვალდებულებაც აქვს, არის დაუყონებლივ აღსრულება.“ - ამბობს ანა სუბელიანი.
ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა ეროვნული არქივის შენობაში შესვლაც სცადეს, თეა წულუკიანთან შესახვედრად, მაგრამ შენობის დაცვის თანამშრომელმა ისინი ეროვნული არქივის შენობაში არ შეუშვა.