
Bitfury Group-მა გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საკუთარი „დატა ცენტრი" გაყიდა. კომპანიამ ჩინურ ორგანიზაცია Chong Sing Holdings-თან გააფორმა ხელშეკრულება. ამის შესახებ განცხადებას Bitfury Group ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში Bitfury Group-ის აღმასრულებელი უფროსი ოფიცერი ვალერი ვავილოვი ამბობს, 40 მეგავატის სიმძლავრის ცენტრის Group Chong Sing Holdings-ის მფლობელობაში გადაცემით, Bitfury ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით აზიის ბაზარზე თავის გავლენას გაზრდის. ხოლო კომპანია აპირებს, რომ ინვესტიცია პროგრამული უზრუნველყოფისა და აღჭურვილობის განვითარებისკენ მიმართოს.
Chong Sing Holdings ფინანსური სერვისების სფეროში მუშაობს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ავითარებს. კომპანიის აღმასრულებელი უფროსი ოფიცრის ფენგ იუ კიატის თქმით, მსოფლიო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მოწმეა და ფინანსურ სექტორში მისი დანერგვით დიდ პოტენციალს ხედავს.
გლდანის „დატა ცენტრი" Bitfury Group-მა 2016 წელს ააშენა და კომპანიის მიხედვით, 40 მეგავატის სიმძლავრის ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს 18 ჰექტარს იკავებს.
გლდანის „დატა ცენტრს" ოპოზიციური პარტიები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ. მათი მტკიცებით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოყოფით ივანიშვილმა პერსონალურად ისარგებლა და სახელმწიფოს რესურსები გამოიყენა. Bitfury Group-მა ცენტრის ასაშენებლად ექსპრემიერის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდის სესხი აიღო. მაგრამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, მისმა ხელმძღვანელებმა ბიძინა ივანიშვილთან კავშირი უარყვეს.