საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან რეგიონულ ლიგაში მონაწილეობის ნებართვა მიიღო. „კლუბ „ზესტაფონის“ წერილს, საქართველოს რეგიონულ ლიგაში გამონაკლისის სახით დაშვების თაობაზე აღმასკომმა მხარი დაუჭირა და ამგვარად, 2018 წლიდან „ზესტაფონი“ ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდება.“ - წერია ფედერაციის განცხადებაში.
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ქალაქ ზესტაფონში 2004 წელს დაარსდა. 2008 წელს გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის თასი მოიგო, 2011 და 2012 წლებში კი უმაღლესი ლიგის ჩემპიონიც გახდა. კლუბმა მოიპოვა ორი სუპერთასიც. ამასთან 5-ჯერ იყო თასის ფინალისტი, ერთხელ - სუპერთასის. ეროვნულ ჩემპიონატში კი ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი, 2008 და 2010 წლებში.
კლუბ „ზესტაფონს“ შემდეგ ფინანსური პრობლემები შეექმნა და დაშლის პირას მივიდა. ამის გამო, 2015 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, იმერული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატიდან მოიკვეთა.