სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, დღეს პრესკონფერენციაზე მათი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გაასაჯაროვეს.
დავით დვალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მათ დაზარალებულის სტატუსი 2015 წელს მიანიჭა, გასულ წლამდე არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ ხელზე.
მათ მხოლოდ შარშან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გადაეცათ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, რის საფუძველზეც, 6 წლის წინ პროკურატურაში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცათ.
დავით დვალისა და ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, საქმის მასალებში ძალიან კარგად ჩანს, „თუ ვინ, რატომ, როდის და სად დაგეგმა სპეცოპერაცია სახელად - „რუსთავი 2-ის“ წართმევა“, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროკურატურას ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებია და მხოლოდ და მხოლოდ დვალისა და აქიმიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით შემოიფარგლა.
„ეს არის უზარმაზრი მასალა. შესრულებულია ძალიან დიდი სამუშაო, გამოძიებულია პრაქტიკულად საქმის ყველა დეტალი, თუმცა მთელი გამოძიება ჩერდება იმაზე, რომ ჩვენ მოგვენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტოვობა იმ ქაღალდებში არ ჩანს“, - ამბობს დვალი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში პროკურატურა არ წარუდგენს ბრალს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებს, საქმეს სასამართლოში დავის გაგრძელების ხანდაზმულობის ვადა გასდის.
„რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ყოველგვარ სამართლებრივ ბერკეტს, რომ შემდეგ გავაგრძელოთ ბრძოლა შიდა სამართებრივი გზით. დარჩენილია სულ რაღაც ერთი წელიწადი. ბოლო 3 წელიწადია პროკურატურის მხრიდან არანაირი აქტივობა არ არის“, - ამბობს დვალი.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, პროკურატურამ აქიმიძე და დვალი დაზარალებულად ცნო მათ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, რაც თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.
„ეს არის საქმე, საიდანაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა. გვაინტერესებს, რატომ არ არის არც ერთი პირი ბრალდებულად ცნობილი ამ კონკრეტულ საქმეზე? იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ამ პირებს ბრალს არ წარუდგენს, საქმე 1 წელიწადში უკვე ხანდაზმული იქნება და იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ იმ პირებს, რომელთან ჩაიდინეს დანაშაული, წარედგინოთ ბრალი“, - ამბობს სოსო ბარათაშვილი.
დვალის და აქიმიძის მიზანი სულაც არ არის ევროსასამართლოში მათი საქმის წაღება. „ერთადერთი შესაძლებლობა დაგვრჩება, რომ ვიმსჯელოთ საზღვარგარეთ და ვეძიოთ სამართალი, მაგრამ ამ სამართლის შედეგად „რუსთავი 2-ს" მაინც ვერ დავიბრუნებთ. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის" დაბრუნება იქნება ქიმერა, რომელსაც ვეპოტინებით და ჯერჯერობით საკმაოდ შორს არის“, - აღნიშნა აქიმიძემ.
რა წერია დვალისა და აქიმიძის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ დადგენილებაში:
„2012 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მიერ 2012 წლის 30 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოტანილ იქნა განცხადება, სადაც მიუთითებდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის მხრიდან, ძალადობით, ტელეკომპანიაში მათი კუთვნილი წილების დათმობის ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 1995 წელს შპს „გამა პლიუსის“ ბაზაზე ჯარჯი აქიმიძის (33.3%), დავით დვალის (33.3%) და ერასტი კიწმარიშვილის (33.3) მიერ დაფუძნდა შმს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“.
2001 წლიდან საწარმოს 10% წილის მფლობელი გახდა საწარმოს დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე, ხოლო დარჩენილი წილი თანაბრად გადანაწილდა სხვა ზემოთხსენებულ დამფუძნებლებზე.
2004 წლის ივნისში, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენბელმა განიზრახეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაეგდოთ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილები და შესაბამისად, მოეპოვებინათ ტელეკომპანიაზე სრული კონტროლი.
მიზნის მისაღწევად, საწარმოს დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მუქარისა და ძალადობის სხვადასხვა გზების გამოყენებით, აიძულეს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, დაეთმოთ საწარმოში მათი კუთვნილი წილები.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილთა დათმობის მიზნით, 2004 წლის 16 ივნისს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძის ნების საწინააღმდეგოდ, მათსა და მყიდველის, პაატა კარსანიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, თითოეულმა 100 000 აშს დოლარად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ში“ მათ კუთხვილი წილი გადასცეს პაატა კარსანიძეს.
მოწმეთა დაკითხვის შედეგად, დგინდება, რომ წილის სანაცვლოდ გამყიდველებმა ხელშეკრულების გაფრომების დღეს, ნაცვლად 100 000 აშშ დოლარისა, თითოეულმა მიიღო 600 000 აშშ დოლარი, რომელიც დ. დვალისა და ჯ.აქიმიძის განმარტებით, შეუსაბამო იყო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ რეალურ ღირებულებასთან და ყოველივე ზემოაღნიშნული განხორციელდა მათი ნები საწინააღმდეგოდ, მათზე განხორციელებული ძალადობის შედეგად.
ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის დაკითხვის ოქმებით, ასევე საქმეზე ჩატარებული არაერთი
საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ტელეკომპანიების დამფუძლებლების მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, თანამდებობის პირთა იძულებისა და ძალადობის შედეგად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილთა დათმობით, მის დამფუძნებლებს - ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს მიადგათ ქონებრივი და მორალური ზიანი.
2015 წლის 13 თებერვალს, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განცხადებით მიმართეს გამოძიებას და საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს დაზარალებულად ცნობა.
ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენიულია, რომ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, არსებობს მისი დაზარალებულად ცნობის კანონით დადგენილი საფუძვლები", - ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელსაც ხელს პროკურორი სალომე ჩიქობავა აწერს.