პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის წინ სამუშაო ადგილზე მუშების დაღუპვის გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.
მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება!
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!
მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!
სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა", - აცხადებენ ორგანიზატორები.