პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტს განიხილავენ.
„შრომის უსაფრთხოების" ახლანდელი კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას საწარმოების შესამოწმებლად წინასწარი დაშვება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ექნება. ამის არგუმენტად, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდულ რესურსს ასახელებს და ამბობს, რომ არის საფრთხე, სამინისტროში მიმართვიანობა დიდი იყოს. ამდენი საწარმოს შემოწმებას კი 25 მონიტორი ვერ აუვა.
„არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში საზედამხედველო სამსახური, რომელსაც შეუძლია, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე კერძო საკუთრებაში შევიდეს და შეამოწმოს" - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ.
განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფკავშირებსა და სახალხო დამცველის აპარატს. ისინი ამბობენ, რომ საწარმოზე ინსპექციას უპირობო დაშვება უნდა ჰქონდეს.
„როცა ვამბობთ, რომ სამინისტრო შეიძლება გადაიტვირთოს 25 მონიტორის პირობებში, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სასამართლოსთვის მიმართვაც მონიტორების რესურსს მოითხოვს. ისინი ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები და შემდეგ - ინსპექციის" -, განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ.
მისივე განმარტებით, არსებობს ბევრი სამსახური, რომელსაც მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია შემოწმება, მათ შორისაა: აუდიტის სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და ა.შ
„შრომის ინსპექციას ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს საწარმოში შესვლა და შემოწმება“, - თავისი პოზიცია გამოხატა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის წარმომადგენელმაც.
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეს დროის საკითხია და 2019 წლიდან ესეც მოგვარდება.