განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფომრაციით, საჯარო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება- ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.
მათივე ცნობით, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება. სკოლებს ექნებათ ვალდებულება, უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, რამდენი უცხო ენის პედაგოგი ასწავლის დღესდღეობით ქვეყნის საჯარო სკოლებში და არსებული რესურსით რამდენად შესაძლებელი იქნება სამინისტროს გეგმების განხორციელება.
„ლიბერალმა“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან უცხო ენის პედაგოგთა რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლებში სულ უცხო ენის (ინგლისურის, გერმანულის, რუსულის, ფრანგულის) 10 092 პედაგოგი ასწავლის.
უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის 2077 საჯარო სკოლაში 5967 ინგლისური ენის პედაგოგია გადანაწილებული.
ქვეყნის 1995 საჯარო სკოლაში სულ 3425 რუსული ენის პედაგოგი ასწავლის.
გერმანულ ენას ქვეყნის 383 საჯარო სკოლაში 556 პედაგოგი ასწავლის.
ყველაზე მცირეა პედაგოგების რაოდენობა ფრანგულ ენაში, - სულ 144 პედაგოგი ქვეყნის 107 საჯარო სკოლაშია გადანაწილებული.