საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საგარეო უწყებას დაგეგმილი აქვს მასშტაბური IT პროექტი, რომელიც გარკვეულ მომსახურებებს გააუმჯობესებს და ადამიანურ რესურსს დაზოგავს, ისევე, როგორც შეამცირებს მომსახურების დროს.
„საკონსულო მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, ქართული დიპლომატიის ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტის დანერგვას და ჩვენ გვინდა, რომ „ჩეთ ბოტის“ განვითარება მოვახდინოთ, საკონსულო მომსახურების მიმართულებით. ეს გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტს და შესაბამისი საინფორმაციო ანალიტიკის საფუძველზე, უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ, დროული და ეფექტიანი პასუხების მიწოდებას დაინტერესებული პირებისადმი. ჩვენ ვგეგმავთ ამბიციური IT პროექტის განვითარებას სამინისტროში. ეს ეხება შემდეგი მოდულების განვითარებას - აქტივობების, დავალებების, ღონისძიებების, კონტაქტების, მოთხოვნების, დოკუმენტების მართვა, კოლაბორაციის ინსტრუმენტი, ადამიანური რესურსების პორტალი და თანამშრომლების შეფასების სისტემა და ა.შ. ამ IT პროექტის შედეგად, ჩვენი მოლოდინია, რომ თანამშრომლები გათავისუფლდებიან რუტინული საქმიანობისგან, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მათ ეფექტურობას და მოტივაციას. შემცირდება ინფორმაციის მიღებაზე და მის დამუშავებაზე დახარჯული დრო და ბიუროკრატია“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, უწყებაში დაგეგმილი მასშტაბური პროექტით დაინტერესებულნი არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები. ჯანელიძის თქმით, IT პროექტის განსახორციელებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.