სირიელმა ქურთებმა ასადის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ქურთების კონტროლის ქვეშ არსებულ აფრინის რეგიონში სირიის ხელისუფლების ჯარისკაცები შევიდნენ. ქურთებმა ეს გადაწყვეტილება თურქეთისგან თავის დასაცავად მიიღეს და მოლაპარაკებების შემდეგ სირიის ხელისუფლებაც დასთანხმდა.
19 იანვარს თურქეთმა მის მიერ მხარდაჭერილ სირიელ მეამბოხეებთან ერთად „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის“ წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირი“ სირიის ტერიტორიაზე ქურთების მიერ ჩამოყალიბებული ჯარია. ერდოღანის ხელისუფლება სირიელ ქურთებს თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში სდებს ბრალს და მათ წინააღმდეგ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ ქვეყნის დაცვის მიზეზით დაიწყო.
ბადრან ჯია ქურთმა, რომელიც ქურთული ადმინისტრაციის მრჩეველია ჩრდილო სირიაში, როიტერს განუცხადა, რომ ასადის ჯარისკაცები რეგიონში მომავალი ორი დღის განმავლობაში შევლენ და სასაზღვრო პოზიციებს დაიკავებენ.
ანკარა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ამ შეთანხმებას, სამაგიეროდ, დღესაც განაგრძობდა საჰაერო და სახმელეთო იერიშს ქურთების წინააღმდეგ. ასადის გადაწყვეტილების შემდეგ კი სირიის სახელისუფლებო ჯარებსა და თურქებს შორის დაპირისპირების ალბათობა იზრდება.
ზეთისხილის რტო და ნადირობა მგლებზე - ბრძოლა თურქეთსა და ქურთებს შორის