ქართველმა ალპინისტებმა ზამთარში შხარის სამხრეთის კედელი ახალი გზით დალაშქრეს. ამის შესახებ მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი Facebook-ზე წერს.
„პირველად ქართველები შხარაზე, ჩვენს უმაღლეს მთაზე ზამთარში! ერთადერთი ზამთრის გავლა სამხრეთ კედლის, ახალი გზით, უმაღლესი - 6B კატ. სირთულის.
ეს არის კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ცივი და მკაცრი 5,203 მ; სიმაღლის მწვერვალი.
მერვე დღეს, 10.02 20:40-ზე ჩრდილოეთის გრიგალის ფონზე გიო და მე ვიდექით ყინულოვან მწვერვალზე!“, - წერს ბადრიაშვილი
„2500 ვერტ/მ;, 60+ თოკი, 13 დღე და ორნი მარშრუტზე.
ის ღამე დაშვებისას 5000 მ-ზე გარეთ გვქონდა იძულებით-სხდომითი ღამისთევა კარვის გარეშე, იყო ბევრნაირი დაბრკოლება და უამინდობები და უამრავი ვანერვიულეთ ჩვენი ,,რადარიდან" დაკარგვებით, თუმცა იგრძნობოდა რომ ორივე გზაზე ადამიანთა ენერგია გვაცილებდა.
ბოლო სამი დღე ნამდვილი 90-იანების გახსენება გამოვიდა, ცოტაღა იყო გაზი, შუქი, საჭმელი, წყალი, მაგრამ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა, არც მოყინულობები და ხალისი კი ბევრი, ამ უმძიმესი სამუშაოების შემდეგ.
დიდი მადლობა ოჯახს, მეგობრებს, ქუთაისელ ბიჭებს მარშრუტამდე ჩვენი მიცილებისთვის და ჩვენს მეგობარ სვან მაშველებს გაჭირვების დროს გამხნევებისთვის.
ასრულდა ჩვენი კავკასიური ღამის სიზმარი და ოცნება!“, - წერს ბადრიაშვილი.