გენდერული თანასწორობის თემაზე დღეს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის (გენდერული თანასწორობის) მიღწევის პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF) აღმასრულებელმა დირექტორმა, საშა გაბიზონმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის როლზე დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში.
„საქართველოში რეალური სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის მისაღწევად აუცილებელია 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება, რისი საკვანძო კომპონენტიც გენდერული თანასწორობის მიღწევაა“ - განაცხადა საშა გაბიზონმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში ყურადღება გაამახვილა, გლობალური მიზნების მიღწევის პროცესში მხარეების თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე
„მდგრადი განვითარების დღის წესრიგი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას გენდერული უთანასწორობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად. საამისოდ საჭიროა საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მედიის კოორდინირებული მუშაობა. ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერა,“ - განაცხადა გიგი ბრეგაძემ.
შეხვედრაზე გამართული დიკუსია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხს შეეხო, მათ შორის, მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე, არათანაბარ სამუშაო ანაზღაურებაზე, სამუშაო ადგილების არათანაბარ განაწილებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების დაბალ წარმომადგენლობაზე.
გამომსვლელებს შორის იყვნენ, ასევე: საქართველოში შვედეთის საელჩოს პირველი მდივანი ჰელენა სანჩო; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი, საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრები, მკვლევრები და ექსპერტები.
რას გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნები?
გაეროში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარება საშუალებას აძლევს ქვეყნებს, გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყონ სტაბილური მომავალი.
მიზნის წარმატებით შესრულება 4 ფაქტორზეა დამოკიდებული: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ჩართულობა, გარემოს დაცვა და ძლიერი ინსტიტუტები.
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. ისინი პასუხობენ ისეთ საჭიროებებს, როგორებიცაა:
სიღარიბისა და შიმშილობის დაძლევა; სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა; ინკლუზიური და თანასწორი განათლების ხელმისაწვდომობა; მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა; უთანასწორობის შემცირება; კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება და ა.შ. მდგარდი განვითარების მე-5 მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევა.
გაეროს ინფორმაციით, საქართველოს იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას.
საქართველოს მთავრობამ მომდევნო 15 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით ეროვნული პოლიტიკა უნდა დაგეგმოს.