„შედეგი იქნება ძალიან ცუდი, სოფელი მთლიანად მოისპობა, ეკოსისტემა დაზიანდება, კატასტროფა მოხდება. ამით მთელი რაჭა განადგურდება “, - ონის რაიონის მკვიდრი ელისო დვალიშვილი რაჭაში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად კვირას ონის რაიონში მოსახლეობა შეიკრიბა.
„მოსახლეობასთან არაფერი შეთანხმებული არ არის... მთაში უნდა გაიაროს [გვირაბმა], რომელიც მეწყერსაშიშია, სეისმურად აქტიური ზონაა, რაჭაში უკვე ორჯერ მოხდა 9-ბალიანი მიწისძვრა. ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ იგივე არ განმეორდება“, - ამბობს სოსო კობახიძე.
მდ. რიონზე ონის ჰესების კასკადს სს „ონის კასკადი“, შპს ფერი და თანაინვესტირების ფონდი აშენებს. ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მდ. რიონზე დაგეგმილია ორსაფეხურიანი, მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე (წყალსაცავის გარეშე) მომუშავე ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
„ლიბერალთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი ამ ჰესებთან დაკავშირებით არის ის, რომ ის სეისმურად აქტიურ ზონაში შენდება. მისი თქმით, სადერივაციო გვირაბები უნდა გაიყვანონ სოფლების თავზე, სადაც მთელი რიგი ღვარცოფული მდინარეებია.
„ერთი პრობლემაა ის, რომ რიონის ფაქტობრივად უდიდესი ნაწილი უნდა გადავარდეს გვირაბში და რჩება მხოლოდ 2,5 კუბამეტრი წყალი. ასევე, ამ ტერიტორიაზე, რაც ჩვენ დავთვალეთ, 10-მდე ღვარცოფული მდინარეა. მოსახლეობაც აღნიშნავდა, რომ თუ მდ. რიონში არ იქნება სათანადო ოდენობის წყალი, ღვარცოფული მდინარეების ჩამოტანილ ქვა-ღორღს როგორღა ჩარეცხავს?“ დღეის მდგომარეობით სწორედ რიონი რეცხავს მას.
ამ ფაქტების შესარბილებლად კომპანია აცხადებს, რომ თითქოს 2-3 დღის განმავლობაში მთლიანი სიმძლავრით გამოატარებენ წყალს. მაგრამ პრობლემა იცით, რა არის? ეს ყველაფერი არ არის დათვლილი. ამ შეკითხვებს ასეთი პასუხები ჰქონდა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა არ შეიქმნება. არა გვგონია, პრობლემა შეიქმნას“. ანუ შეფასება გაკეთებულია არა გათვლებით, არამედ პირადი შეხედულებებით. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან ჩვენ გვაქვს უკვე ნანახი იგივე შპს „ფერის“ აშენებული „დარიალჰესი". სააქციო საზოგადოება „ონის კასკადი“ ონის კასკადსაც აშენებს, რომლის დირექტორიც არის ლაშა იარდანიშვილი და რომელიც დაკავშირებულია შპს „ფერთან". მაშინაც ასე გვარწმუნებდნენ. და რა მოხდა „დარიალიჰესზე", ყველამ ვნახეთ“, - ამბობს ჭიპაშვილი.
მისი თქმით, დარიალიჰესის შემთხვევაში გვირაბი სოფლებში არ იყო გაყვანილი. ამ შემთხვევაში კი გვირაბები უნდა გაიყვანონ სეისმურად აქტიურ ზონაში [სოფლების თავზე], სადაც ძალიან მძლავრი მიწისძვრები ხდება.
„ამ გვირაბების სეისმურ ზონაში გაყვანა პირად შეხედულებებზე დაყრდნობით - რომ არ ჰგონიათ რამე მოხდება - ეს არის უკვე პრობლემა. მიწისძვრა რომ მოხდეს და გვირაბი დაზიანდეს?! „შუახევი ჰესზეც“ ხომ ვნახეთ, იქ სულ არ მომხდარა მიწისძვრა, მაგრამ გვირაბი ჩამოიშალა. აქ კი საუბარი სეისმურად აქტიურ ზონას, მეწყერსაშიშ ზონას ეხება. იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ გვირაბმა უნდა გაიაროს, არის მთელი რიგი ღვარცოფული მდინარეები. ეს იგივეა, რომ გვირაბი დევდორაკის ძირში გავიყვანოთ. ასეთ დროს, ყოველგვარი შესწავლისა და შეფასების გარეშე თურმე „გამა კონსანტინგს“ [გზშ-ის ანგარიშის ავტორი] ჰგონია, რომ პრობლემა არ შეიქმნება“, - ამბობს ჭიპაშვილი.
ჭიპაშვილის თქმით, გზშ-ის ანგარიშში ასევე არაა შეფასებული პროექტის გავლენა ეკოლოგიაზე. მისი თქმით, ანგარიში ნახევარფაბრიკატია და მასში არაა შესწავლილი პროექტის ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, ჭიპაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობა პროექტის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა და ამის შესახებ მხოლოდ მისგან გაიგეს. ჭიპაშვილი ამბობს, რომ კომპანიას სურდა ფორმალური შეხვედრის გამართვა, რათა ჩათვლოდა, რომ შეხვედრა გამართა და შემდეგ მშენებლობის ნებართვის აღება გამარტივებოდა.
ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ონის ჰესების კასკადზე გზშ-ის ანგარიშის მომზადება უნდა დაექვემდებაროს ახალ კანონმდებლობას - გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მოაწყოს განხილვები; უნდა გაიაროს სკრინინგის ეტაპი, სკოპინგის ეტაპი, შემდგომ კი გზშ-ის ეტაპი.
„კომპანია და გარემოს დაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ამ ჰესებზე არ უნდა გავრცელდეს ახალი რეგულაციები იმიტომ, რომ განაცხადი ნებართვის მოპოვებაზე 29 დეკემბერს სამინისტროში უკვე შემოსული იყო, რაც კითხვებს აჩენს. ნათლად ჩანს, როგორ ჩქარობდნენ, რომ მოესწროთ პროცესის დაწყება ახალი კანონის ამოქმედებამდე. უნდოდათ, რომ ჩათვლოდათ საჯარო განხილვად და შემდეგ შეეტანათ განაცხადი ნებართვის მოპოვებაზე, ძველი პროცესურების მიხედვით“, - ამბობს ჭიპაშვილი.
„მე არ ვიცი, რა ზიანი შეიძლება მიადგეს... პირველ რიგში, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა - ჩვენი დევიზი, ვინც ამ სექტორში ვმოღვაწეობთ; მეორე რიგში - რეგიონის უპირობო განვითარება, მეტი შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტს, მეტი დასაქმებული ქვეყანაში და მეტი ენერგია ექსპორტისთვის", - ამბობს „რუსთავი 2-თან" საუბრისას ლაშა იორდანიშვილი.
გზშ-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასწარი შეფასებით პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი პოლიტიკის უმთავრესი ამოცანების გადაჭრის საკითხში. მემორანდუმის მიხედვით, ინვესტორ კომპანიას ეკისრება გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზების ვალდებულება.