ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენა დაიწყება.
გადაწყვეტილება საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება“, - განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა მიმდინარეობს. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.