
„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრობაციაზე მყოფი პირი დაიბარეს განყოფილებაში დოკუმენტაციის შეგროვების მოტივით, ადგილზე მისულს კი ბორკილები დაადეს და ნარკოლოგიურში იძულებით ტესტირებაზე გადაჰყავთ.
მოგვიანებით, მოძრაობამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„განყოფილებაში მოტყუებით დაბარებული და ნარკოლოგიურში მოსაშარდად გადაყვანილი პრობაციონერი მოქალაქე თავისუფალია. (მისივე თხოვნით პირის იდენტიფიკაციისგან თავს ვიკავებთ)
ჩვენი მისვლისა და საკუთარი უფლებების გაცნობის შემდგომ, მან ურინოტესტირებაზე უარი განაცხადა და მოძრაობის იურისტის დახმარებით მალევე გათავისუფლდა.
აღნიშნულ საქმეში შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ 2 თვის წინ ციხიდან გამოსული და პრობაციაზე მყოფი პირი განყოფილებაში დოკუმენტაციის მოწესრიგების მოტივით დაიბარეს, მისული კი ნარკოლოგიური ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. ოქმის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ ექსპერტ-ნარკოლოგს კლინიკური დათვალიერება გადაყვანილი პირის ნებართვის გარეშე უკვე ჩატარებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლოგი ნარკოტიკულ თრობას არ ადასტურებდა, პირის ნებართვისა და სპეციალური პროცედურის გავლის გარეშე კლინიკური დათვალიერების შედეგის დასმა, არსებითი სახის დარღვევას წარმოადგენს.
ვფიქრობთ აღნიშნული შემთხვევიდანაც კი ცხადია სისტემის სისასტიკე და სახელმწიფო პოლიტიკის ბოროტება, რომელიც ნაცვლად იმისა, ციხიდან ახლად გათავისუფლებულ პირებს რესოციალიზაციასა და ნორმალური ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარებოდეს, ურინოტესტირების სამარცხვინო მექანიზმის გამოყენებით, მათ კვლავ ციხეში შებრუნებაზეა ორიენტირებული. რომ არა პრობაციაზე მყოფი პირის მეგობარი, რომელმაც დღეს ჩვენთან დაკავშირება შეძლო, აღნიშნულ პირს 4 წლიანი პირობითი მსჯავრის 4 წლიანი საპატიმრო სასჯელით შეეცვლა ემუქრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემამ შესაძლოა სხვადასხვა მეთოდებით ცადოს თქვენი მოტყუება, გახსოვდეთ, თქვენი კონსტიტუციური უფლებაა უარი განაცხადოთ როგორც ურინოტესტირებაზე, ასევე კლინიკურ დათვალიერებაზე", - აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა".