ელონ მასკის კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ორი თანამგზავრი გაუშვა. microsat 2a და 2b დედამიწაზე ინტერნეტის კოსმოსურ სიგნალს გამოგზავნიან. 2019 წლიდან, თუ საცდელი ეტაპი წარმატებით დასრულდება, ელონ მასკი გეგმავს მსოფლიოს ყველა ქვეყანას WiFi კოსმოსიდან მიაწოდოს. ინტერნეტ სატელიტები კალიფორნიის აერობაზიდან კოსმოსში რაკეტა Falcon 9-მ წაიღო, თავად კი დედამიწაზე უნდა დაეშვას, რაც ასევე SpaceX-ის ინოვაციაა. თანამგზავრები რაკეტამ ღია სივრცეში სტარტიდან 11 წუთში გაუშვა.
WiFi-ს თანამგზავრები Falcon 9-მ დედამიწის ორბიტაზე სატელიტ PAZ-თან ერთად წაიღო. PAZ მთავრობისა და კერძო კომპანიებისთვის სადამკვირვებლო მისიას 5 წლისა და 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.
თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება გუშინ იგეგმებოდა, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ერთი დღით გადაიდო.
სამი წელია, ელონ მასკის კომპანია SpaceX Starlink-ის პროექტზე მუშაობს. კოსმოსში Tesla-ს მანქანის გაშვების შემდეგ მალევე კომპანიამ აშშ-ის მთავრობას თანამგზავრების კოსმოსში გაშვებაზე ნებართვისთვის მიმართა. ასე გახდა ცნობილი, რომ ელონ მასკი დედამიწის ორბიტაზე პირველ თანამგზავრებს თებერვალში გაგზავნიდა. microsat 2a და 2b-მ შემოწმება წარმატებით გაიარეს.
2017 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია კუპერმა თქვა, რომ პირველი თანამგზავრები ინტერნეტის მოწოდებას 2019 წლიდან დაიწყებდნენ. ხოლო, გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება. SpaceX ორბიტაზე 4 425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რისი მეშვეობითაც ახალი თაობის ინტერნეტით მთელი მსოფლიო უნდა დაფაროს. ამჟამად დედამიწის გარშემო სულ ყველა სახის 1 500-მდე თანამგზავრი დაფრინავს.