რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც მთავარი პროკურატურა წერს, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს.
სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ე.ნ. ორსული მეუღლის ცემაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
„ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.“ - წერია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.