„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 20 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო სკოლაში. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.tprize.ge
გარდა თვითნომინირებისა, მონაწილეობის მისაღებად, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
25 აპრილი: კონკურსის I ეტაპი- განცხადების ტექნიკური შემოწმება;
15 ივნისი: კონკურსის II ეტაპი - საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა;
1 სექტემბერი: კონკურსის III ეტაპი - ხუთი ფინალისტის გამოვლენა;
5 ოქტომბერი: გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია;
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული შემდეგ კრიტერიუმების უნდა აკმაყოფილებდეს:
- მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
- სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
- ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
- საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
- პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 5 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას გადაეცა.