საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის ფაქტი ძალიან სამწუხაროა.
როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, ამ ფაქტმა ძალიან შეაშფოთა რადგან 2014-2016 წლებში გორგაძე მისი ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
„ჩემთვის ეს ფაქტი დაუჯერებელია, რადგან ადამიანს ატყობ, საკითხებზე როგორი დამოკიდებულება აქვს. მის გამო ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოუვიდა. ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ადამიანი შორეული არ იყო, ორი წელი ერთად გავატარეთ,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს შეწყალების კომისიის მეშვეობით ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2014 -2016 წლებში - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატების ბექა ნაცვლიშვილისა და ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2017 წლიდან პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელია. ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანიცაა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თემურ გორგაძე შპს „ეკო პურის“ მესაკუთრეა. 2010 წელს იყო შპს „ბრედჰაუსის“ დირექტორი, რომლის მფლობელიც თეა თავართქილაძეა.
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი თემურ გორგაძე დააკავა