
ბორჯომის საკრებულოში გუშინდელ დაპირისპირებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ბოიკოტს უწოდებს და ამბობს, რომ პარტიას მხოლოდ „კლანური კეთილდღეობა“ აინტერესებს.
მისი შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი გუნდის დეპუტატები საკრებულოს არც ერთ სხდომას არ დასწრებიან და გუშინაც მხოლოდ იმიტომ გამოთქვეს დასწრების სურვილი, რომ მათი ხელფასების მატების საკითხი იხილებოდა. სწორედ ამ საკითხის ჩავარდნას უკავშირებს მელია გუშინ მომხდარ არეულობას.
„თქვენ ნახეთ, როგორ გამოცხადდნენ ისინი სხდომაზე - „ქართული ოცნების“ დაახლოებით 700 აქტივისტსა და მეგობარ-ნათესავებთან ერთად, რომლებიც დასაქმებულები ჰყავთ ბორჯომის გამგეობის სხვადასხვა ააიპ-სა და სსიპ-ში და მოაწყეს ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, ხვალიდან „ქართული ოცნება“ ბორჯომში გაფიცვას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოიყვანენ არც ერთ მუნიციპალურ ავტობუსს, არ ამუშავებენ დასუფთავების სამსახურს და დახურავენ საბავშვო ბაღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, გაერთიანდნენ და დაიცვან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
„მოვუწოდებთ დღევანდელი დღიდან, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ერთადერთ მუნიციპალიტეტს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა გამარჯვება თვითმმართველობის ბოლო არჩვნებზე, მაგრამ სამაგიეროდ ჩაიდინა ის ძალადობა, რაც მოხდა გუშინ“.
ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება მას მერე დაიწყო, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ და საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირა ბორჯომის მერიის მიერ გადაგზავნილ სახელფასო ცვლილებების საკითხს. მისი ჩავარდნის მიზეზი მერისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებისთვის ხელფასის მომატება იყო. ამის გამო კი ხელფასს უკვე რამდენიმე თვეა, ვერც მერიის თანამშრომლები იღებენ.
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, საკრებულოში მერიის თანამშრომლები მივიდნენ და თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი გადაკეტეს. მოგვიანებით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპიების კიდევ ერთი ტალღა საკრებულოში ნიკა მელიას მისვლას მოჰყვა.
მმართველი გუნდის წევრები მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწოდებენ. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარტიას სხვა რესურსი აღარ დარჩა.
„უნდა დაველოდოთ, რა მოხდა, გაირკვეს კონკრეტულად და დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები თუ რას ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რა შთაბეჭდილებაც მე ერთი შეხედვით მრჩება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ რჩება სხვა რესურსი გარდა პროვოკაციებისა და გარდა იმისა, რომ მიმართოს ყოველგვარ ქმედებას ისეთს, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ პროვოკაციასთან და გამოიწვევს ასეთი დაძაბულობის შექმნას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელ დაპირისპირებაზე გამოძიება ორ ფაქტზე, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.