ბარათაშვილის ქუჩაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობა მინით შპს „მაგი სტილმა“ 2008 წელს მოაპირკეთა. ამის შესახებ „ლიბერალს“ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს.
„მაგი სტილის“ 33-33%-იან წილს ამჟამად ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კურცხალია და ნინო ნიჟარაძე ფლობენ, კომპანიის დირექტორი კი გიორგი ჯიჯეიშვილია.
„ლიბერალმა“ კომპანიის დირექტორს ჰკითხა - როგორ ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები? რა სახის მინა იყო გამოყენებული? უსაფრთხოების ზომები ვინ შეამოწმა და როგორ?
როგორც გიორგი ჯიჯეიშვილმა განაცხადა, ის კომპანიაში 2013 წლიდან მუშაობს და არ აქვს ინფორმაცია ამ და სხვა, მანამდე წარმოებულ სამუშაოებზე. მისი თქმით, მანამდე კომპანიის დირექტორი სხვა ადამიანი იყო, რომელიც გარდაცვლილია.
რაც შეეხება „ლიბერალის“ შეკითხვას - შეუძლია თუ არა მას, მოიძიოს მაშინდელი დოკუმენტაცია? ჯიჯეიშვილი პასუხობს: 2006 წლიდან მოყოლებული ყველა მოქმედების ამსახველი დოკუმენტაცია ამჟამად ფინანსურ პოლიციაშია და მას 2013 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ფიზიკურად ხელი არ მიუწვდება, ამიტომაც მოკლებულია შესაძლებლობას, პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს.
„ლიბერალი“ განსაკუთრებით ინტერესდება, თუ როგორი მინა იყო გამოყენებული აღნიშნული სამუშაოების დროს, ვინაიდან გარე ფასადის შემინვისას, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ნაწრთობი მინა, რომელიც დაზიანების შემთხვევაში მცირე, უსაფრთხო ნატეხებად იმსხვრევა [ნაწრთობი მინა, ჩვეულებრივთან შედარებით, ძვირია].
ნაწრთობი მინის ძირითადი უპირატესობებია:
- მაღალი მდგრადობა დრეკადობისადმი, არ ზიანდება შემთხვევითი დარტყმისაგან;
- დაზიანების შემთხვევაში, იმსხვრევა მცირე უსაფრთხო ნატეხებად;
- უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურას (200 გრადუსამდე);
- მაღალი ფუნქციონალურობა, გამძლეობა;
- 6-10-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ჩვეულებრივი მინა;
- უსაფრთხოა ექსპლუატაციის დროს;
- არ კარგავს ოპტიკურ თვისებებს
როგორც სახელმწიფო ელექტოსისტემაში აცხადებენ, ყველა სახის დოკუმენტაცია ამჟამად პროკურატურაშია. მათი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. „მიმდინარეობს გამოძიება და ამ ყველაფერს დაადგენენ“.
გუშინ ბარათაშვილის ქუჩაზე, სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი მინა მოსწავლეებს დაეცა. დაშავდა 5 მოსწავლე, 1 კი გარდაიცვალა.
„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა შპს „ელიტა ბურჯს", რომელსაც საქართველოში არაერთი შენობა ნაგებობა აქვს შემინული, მათ შორის ბიზნესცენტრი (თბილისი), პირსი (ურეკი), თეგეტა მოტორსი(თბილისი), ფილარმონია (თბილისი), დელფინარიუმი (ბათუმი) და ა.შ.
მათივე თქმით, თავად გარე ფასადების 99%-ს ნაწრთობი მინით აპირკეთებენ.