
სომხეთის ეროვნულმა კრებამ მმართველი პარტიის კანდიდატს არმენ სარგსიანს მხარი დაუჭირა და ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. კრების 101 წევრიდან სარგსიანს 90-მა გამოუცხადა მხარდაჭერა, 10 წინააღმდეგი წავიდა, 1 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. კანდიდატს არჩევისთვის 79 ხმა სჭირდებოდა.
ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩია.
არმენ სარგსიანს პროგრამის გასაცნობად საკანონმდებლო ორგანოში გუშინ მოუსმინეს. მისი თქმით, ახალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.
არმენ სარგსიანი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. საკანონმდებლო ორგანოში შესულმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა კანდიდატურების წარსადგენად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს. ისინი ვერც საერთო კანდიდატურაზე შეჯერდნენ.
სარგსიანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილს დაიწყებს. სწორედ 9 აპრილს ეწურება ვადა მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს.
არმენ სარგსიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დაწყებამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარგსიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას. 1996-1997 წლებში ის სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო, 2013 წლიდან კი კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა.