საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს შეწყალების კომისიის მეშვეობით ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.
„2018 წლის 28 თებერვალს თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
***********
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2014 -2016 წლებში - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატების ბექა ნაცვლიშვილისა და ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2017 წლიდან პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელია. ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანიცაა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თემურ გორგაძე შპს „ეკო პურის“ მესაკუთრეა. 2010 წელს იყო შპს „ბრედჰაუსის“ დირექტორი, რომლის მფლობელიც თეა თავართქილაძეა.