თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
როგორც ჟურნალისტებს გორგაძის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს დღევანდელ გადაწვეტილებასაც არ ეთანხმება.
„რაც შეეხება სადავო თანხას, რომელზეც პროკურატურას აგებული აქვს ბრალდება, ეს თანხა მას არ გამოურთმევია და არანაირი შეხება ამ ფულთან არ ჰქონია. ელემენტარულად აღწერილიც არაა თანხა, რომელიც ამოიღეს", - განაცხადა ადვოკატმა.
თემურ გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოძიება მას თავდაპირველად დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2014 -2016 წლებში - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატების ბექა ნაცვლიშვილისა და ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2017 წლიდან პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელია. ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანიცაა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თემურ გორგაძე შპს „ეკო პურის“ მესაკუთრეა. 2010 წელს იყო შპს „ბრედჰაუსის“ დირექტორი, რომლის მფლობელიც თეა თავართქილაძეა.