საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის ანუ გრიფირების პროცესი დაიწყო.
უწყების ცნობით, პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტები.
სახელმძღვანელოების შერჩევისას სამინისტრო საზოგადოებასაც მოუწოდებს აქტიური ჩართულობისაკენ.
„იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს, შესაბამისობაში იყოს ასაკობრივ სპეციფიკასთან, ეროვნული სასწავლო გეგმა არსებითად გადამუშავდა. შესაბამისად, ძირეულად შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და თავად შეფასების სისტემაც. გრიფირებაში ჩართული ყველა მონაწილე გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სახელმძღვანელოების ავტორებთან, ასევე შემფასებელთა ჯგუფებთან და პროექტის ადმინისტრაციულ პერსონალთან.
გრიფირების პროცესისადმი მაღალი ინტერესისა და ავტორთა მაქსიმალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 13 საგანში წარმოდგენილია 112 განაცხადი, რაც შესაბამის კლასებზე, მასწავლებლის, მოსწავლის წიგნებზე, რვეულებსა და ელექტრონულ რესურსებზე გადათვლით ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განხილვაშია 795 მაკეტი. სიახლეა ისიც, რომ ყველა სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ე.წ დამხმარე ვებგვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება.
გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია იმითაც, რომ განაცხადებს საჯაროდ პირველად განიხილავენ. პროფესიულმა სარეცენზიო ჯგუფებმა სახელმძღვანელოების შეფასებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო დღეს, 2018 წლის 5 მარტს საჯარო განხილვის პროცესს სამინისტრო იწყებს, რაც ელექტრონული პორტალის - მეშვეობით ხორციელდება. პორტალზე შესვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ყველას აქვს საშუალება, დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და საკუთარი მოსაზრება მიაწოდოს როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საჯარო განხილვა მიმდინარეობს ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, შევიდეს პორტალზე grifireba.emis.ge, დაათვალიეროს შესაფასებლად წარმოდგენილი წიგნები და გაუზიაროს თავისი მოსაზრება როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს.
მოსაზრება შეიძლება წარდგენილი იქნას სამი ძირითადი მიმართულებით:
● შინაარსობრივი შეცდომა - იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში;
● ტექნიკური ხარვეზი - ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად, შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.
● რეკომენდაცია/მოსაზრება - ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს/სერიის ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე.
მოსაზრებების მიწოდება ანონიმურია.