მამაკაცის აქსესუარების ბრენდმა „ჯოვანი მორამ" ოკუპაციის წინააღმდეგ გზავნილით საპასპორტე გამოუშვა. მასზე აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მისი ფასი 30 ლარია.
საპასპორტე გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.
„ჯოვანი მორის" იდეას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი „ტრაგედიის მარკეტინგული დამუშავებაა, რომელიც ამ ტრაგედიას ფარსად აქცევს". მომხმარებელი, რომელსაც საპასპორტე არ მოსწონს, აქცენტს მის ფასზეც აკეთებს.
მომხმარებელთა ნაწილს იდეა მოსწონს, რასაც ბრენდის ოფიციალურ გვერდზე კომენტარებში გამოხატავენ:
„ლიბერალი" „ჯოვანი მორას" თანადამფუძნებელ ნათია სვანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის ტრაგედიის კომერციალიზაცია და რომ 30 ლარი ხელმისაწვდომი ფასია.
„30 ლარი, ვფიქრობთ, თვითღირებულებასთან მიმართებით და, ზოგადად, გასაყიდ ფასთან მიმართებით, აბსოლუტურად ნორმალური და ხელმისაწვდომი ფასია. რაც შეეხება კომერციალიზაციას, ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ტრაგედია ვაქციეთ კომერციულ ნაწილად. ამით ადამიანებს საშუალება მივეცით, მესიჯი გამოეხატათ. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი. შეუძლიათ, იყიდონ პროდუქტი, შეუძლიათ - არა" - ამბობს ნათია სვანიძე.
მისი თქმით, 30 ლარი სწორედ ის ფასია, რომლის პროდუქტში ჩადებაც კომპანიას უღირს.
„ვფიქრობ, კომერციალიზაცია ხშირ შემთხვევაში უწყობს ხელს რაღაც იდეის განვითარებას და მის სიცოცხლისუნარიანობას, ვიდრე პირიქით" - ამბობს სვანიძე. მისი თქმით, რაც არ უნდა ღირდეს პროდუქტი, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
„მიჭირს რამე კომენტარის გაკეთება ამაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ფასად რისი გაკეთება გიღირს. ეს სწორედ ის ფასია, რა ფასადაც ჩვენ გვიღირს ჩვენი დროითი თუ ფინანსური რესურსის ჩადება. ვფიქრობთ, ზუსტად ის ფასი ადევს, რა ფასიც ასეთი პროდუქტის შექმნა ღირს" - უთხრა „ლიბერალს" სვანიძემ.