დღეს იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლება გააპროტესტეს.
პროტესტის ნიშნად მეოთხე და მეთორმეტე კლასის 21 მოსწავლე გაკვეთილებს არ დაესწრო.
როგორც „ლიბერალს“ საგარეჯოს რესურსცენტრის თავმჯდომარემ, მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, 23 თებერვალს მანდატურის სამსახურის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ სცემდა გაკვეთილზე თეა გურგენიძე მეოთხე კლასის მოსწავლეს.
მისი განმარტებით, ვიდეოკადრები შემდგომი რეაგირებისთვის მანდატურის სამსახურს გადაეცა. მოვიდა შესაბამისი ოქმი, რომლის საფუძველზე შეიკრიბა სკოლის დისციპლინური კომიტეტი. მისივე თქმით, კომიტეტის წევრებმა ნახეს ვიდეოჩანაწერი, იმსჯელეს და დაადასტურეს პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი.
„დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა, რომ პედაგოგი უნდა გათავისუფლდეს და დირექტორს მიმართეს განცხადებით, რადგან მან ფიზიკურად იძალადა ბავშვზე“, - უთხრა „ლიბერალს“ მანანა ცუცქირიძემ.
თეა გურგენიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სკოლიდან გათავისუფლება რესურსცენტრის ხელმძღვანელის პირად ინტერესებში შედის.
„სკოლის ადმინისტრაციასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს; კონკრეტული პიროვნებების ინტერესია, რომ მე სკოლა დავტოვო. ერთ-ერთი მათ შორის არის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. როდესაც სასამართლო იქნება, ყველა იმ მასალას გამოვამზეურებ, რაც ხელთ მაქვს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცდილობს, რომ დავტოვო სამსახური და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მშობლები ამბობენ, რომ მათ არ მიუციათ ხმა ჩემი გათავისუფლებისთვის, დისციპლინური კომიტეტი კი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, მანამდე უნდა დაიკითხოს მასწავლებელი კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თეა გურგენიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ლიბერალი“ ცდილობს თეა გურგენიძეს დაიკავშირდეს, თუმცა ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
„ლიბერალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ ვიდეოჩანაწერებზე პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტია აღბეჭდილი. თუმცა მათი განმარტებით ვიდეოკადრები პერსონალური ინფორმაციის შემცველია, ამიტომ არ ასაჯაროებენ. მათივე თქმით, პროცესი პროცედურის შესაბამისად მიმდინარეობს.
დღესვე შეიკრიბა სკოლის სამეურვეო საბჭო. პედაგოგის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს.