დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა. სახალხო დამცველის თქმით, ის უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტებს ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
„გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული შენობები, არასაკმარისი ვენტილაცია, მძაფრი, უსიამოვნო სუნი, დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესვლისთანავე თვალში გხვდება. ბენეფიციარები იმყოფებიან ისეთ პირობებში, რომელიც შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი