"თქვენ აქ ვინ ზიხართ, არცერთი არ იცნობთ იმ რეალობას რაც ხდება რუსეთში", - უთხრა მომღერალმა დათო ხუჯაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ერთერში, გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს.
საუბარი რუსეთში მომუშავე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას განცხადებას ეხებოდა, როდესაც მან რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი სოციალური ქსელის მეშვეობით პუტინის უალტერნატივობაზე ისაუბრა..
დავით ხუჯაძემ კი, თავის მხრივ ქეთა თოფურიას დაუჭირა მხარი და გუშინდელ გადაცემაში თქვა, რომ "ჩვენთვის არც პუტინს წაურთმევია აფხაზეთი და არც ის. როდის დაიწყო ეს ყველაფერი, გემახსოვრებათ".
როდესაც წამყვანმა 2008 წლის ომი შეახსენა, ასევე უთხრა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, კონკრეტულ დროს ვინ იყო პრეზიდენტი, რადგან ყოველთვის რუსეთი იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, ხუჯაძემ მაინც თქვა, "იმ კაცს ვთხოვთ, რომ რაღაც მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია. წაგართვა ვიღაც სხვამ, ესეც რომ წავა, მერე ვინც მოვა, ისიც არაფერს მოგცემს".
ზოგადად, რატომ დგანან ქართველები ოკუპანტი ქვეყნის საკონცერტო სცენაზე? ამ კითხვაზე მომღერალმა უპასუხა, რომ თვითონ თუ არ დადგება, იქ სომხები, აზერბაიჯანელები და ჩეჩნები ჩავლენ და მას ეს არ სურს.