ტრანსგენდერი ქალის, გაბრიელას თქმით, მას 5 მარტს ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაბრიელა „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ თბილისში, გმირთა მოედანზე თავს უცნობი კაცი დაესხა, რომელიც დისკრიმინაციულად მიმართავდა.
„მერე მითხრა, შენ ის არ ხარ, ჩემი ძმაკაცები რომ დააჭერინეო და დამარტყა მუცელში“, - იხსენებს გაბრიელა. როგორც ჰყვება, პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რომელმაც ის კლინიკაში გადაიყვანა. ტრანსგენდერი ქალის თქმით, დაზიანება ნეკნების არეში მიიღო, სადაც დაბეჟილობა აქვს, მაგრამ სამართალდამცველები მასთან შემთხვევის შესახებ გამოსაკითხად არ მისულან.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გაბრიელა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე „ლიბერალთან“ 4 თებერვალსაც ჰყვებოდა. ტრანგენდერი ქალის თქმით, თავიდან მას ქუჩაში უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ, როგორც გაბრიელა ამბობდა, ის „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და გულგრილობა გამოიჩინეს. „მეგობრებს დავურეკე, მირანდას და ელენეს. სხვა კლინიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. ელენემ სავარძლით გარეთ გამიყვანა. ამ დროს მირანდა შიგნით ანკეტას ავსებდა, როცა ორი ბიჭი საავადმყოფოდან ფურთხებითა და გინებით გამოვიდა" - ჰყვებოდა გაბრიელა 4 თებერვალს.
მისი თქმით, მამაკაცები მათ მიმართ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ. „სასწრაფოდ მანქანას წრე დაარტყეს. ეტლში ვიჯექი და ორივემ თავში დამიშინა წიხლები. სასწრაფოს თანამშრომლები გადამეფარნენ - იმათაც დაარტყეს, ამათ როგორ იცავთო. მირანდა გამოვიდა საშველად. მირანდასაც სცემეს, ელენესაც და სასწრაფოს თანამშრომლებსაც" - ჰყვებოდა გაბრიელა.
ტრანსგენდერი ქალის თქმით, მაშინ თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, ასევე დაზიანებები ჰქონდა შუბლისა და ქვედა კიდურის არეში.