აჭარაში მუსლიმი ქალებისთვის განათლების მიღებაში ერთ-ერთი მთავარი ბარიერი თავსაფარია - ამის შესახებ „ქართველ მუსლიმთა კავშირის დაკვეთით“ We Research-ის მიერ მომზადებულ „აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების კვლევაშია“ ნათქვამი.
კვლევა ხულოში, ქედაში, შუახევსა და ბათუმში 44 მუსლიმ ქალთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების ფარგლებში შემუშავდა. მკვლევრების თქმით, იგი ჯგუფის მონაწილეთა სუბიექტურ პერსპექტივებს ეფუძნება და არ იძლევა განზოგადების საშუალებას.
„ვინც სასწავლო დაწესებულებაში თავსაფრით დადის, თუნდაც მათ მიმართ დამოკიდებულების გამო, მეტი ბარიერი აქვს, ვიდრე მას, ვისაც ვიზუალზე არ ეტყობა, რომ მუსლიმია. ისინი თვლიან, რომ ყველაფრის თავი და თავი ადამიანების ცნობიერებაა, რომლის შესაცვლელადაც აუცილებელია თავსაფრიანი ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების ნგრევა და ღიაობის გაზრდა. როგორც გაირკვა, ეს პრობლემა მაღალმთიან ნაწილში მცხოვრებ ქალებს მეტად ეხებათ. ხშირად, თავსაფრის ტარება გარემოს მხრიდან, სასირცხვილოდ მიიჩნევა და სტიგმატიზაციის მიზეზად იქცევა. აღნიშნული, კი გოგონებს, რომლებსაც თავსაფრის ტარების სურვილი აქვთ, ერთგვარად აბრკოლებთ და ამ ქცევის განხორციელებაში ხელს უშლით“ - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება მუსლიმ ქალთა დასაქმებას, გამოვლინდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ქალების ძირითად საქმიანობად ფოკუსჯგუფის მონაწილეები ასახელებენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: პედაგოგიკა და მედიცინა, ხოლო ყველა დანარჩენს, ძირითადად, კაცები ითავსებენ.
კვლევის თანახმად, აჭარაში დასაქმების ყველაზე დიდი შანსი ქრისტიან მამაკაცებს აქვთ, ყველაზე ნაკლები კი - თავსაფრის მატარებელ მუსლიმ ქალებს.
„ისინი შრომით ბაზარზე ორმაგი ბარიერის პირობებში იმყოფებიან, იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, წარმოადგენენ მდედრობით სქესს, ხოლო, მეორე მხრივ, არიან ისლამის მიმდევრები, რომლებიც თავსაბურავს ატარებენ“ - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, კვლევის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რელიგიური ან სქესობრივი ნიშნით რაიმე ბარიერი ხშირად არ არსებობს, მაგრამ პრობლემა აუცილებლად იქმნება მაშინ, როცა ქალი თავსაბურავს ატარებს.
„მას, ვისაც თავსაბურავი არ ახურავს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ისლამის მიმდევარია, უფრო მეტი შანსი აქვს დასაქმების, ვიდრე მათივე აღმსარებლობის თავსაბურავიან ქალებს“ - ნათქვამია კვლევაში.