მერვე დღეა, "აგარის შაქრის" თანამშრომლები ქარხნის წინ კარვებში ათენებენ ღამეს. მეხუთე თვეა ქარხანა დახურულია, 500-მდე თანამშრომელი კი - სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა. დღეს მათთან პროფესიული კავშირების წარმომადგენლები იყვნენ და ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
მარიკა ქარხანაში დალმაგებლად მუშაობდა:"203 ლარი მქონდა ხელფასი. დღეს, 8 მარტს აქ ვდგავარ და ამ კაპიკების დაბრუნებას ვითხოვ. სხვა გზა არ მაქვს, ოჯახს სჭირდება ეს ფული. კომპანიისგან მოვითხოვთ, დაგვიბრუნოს სამუშაო ადგილები".
პროფკავშირების ინფორმაციით, ქარხნის მფლობელების განმარტებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას - ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს და კომპანიამ ბოლო თვეებში ზარალი ნახა.
ვეფხია დარბაიძე, ქარხნიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ ადმინისატრაციამ ისინი მოატყუა და 5 თვის წინ უთხრა, რომ ქარხანაში სარემონტო სამუშაოები იწყებოდა და საჭირო იყო წარმოების დროებით გაჩერება:
"500 ოჯახი აღმოჩნდა მოტყუებული და ულუკმაპუროდ დარჩენილი. როდესაც კომპანია გეუბნება, წარმოებას გიკეტავო და ამ დროს მთავრობა ხმას არ იღებს, რაღა გვრჩება სათქმელი? ესაა უსისხლო გენოციდი. ჩვენ არ ვართ მოძალადეები, რომ პროტესტის ამ გზას მივმართოთ, ჩვენ სამართლიანად ვითხოვთ შრომის უფლებას. ეს ჩვენი და ჩვენი ოჯახების უფლებაა", - ამბობს ვეფხია დარბაიძე, რომელიც ქარხანაში თვეში 600 ლარს გამოიმუშავებდა.
დაბა აგარაში ხვალ, 9 მარტს, კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია ჩატარდება:"თუ ამასაც არ მოჰყვება მთავრობის მხრიდან რეაქცია, ჩამოვალთ თბილისში და მთავრობის კანცელარიის წინ შიმშილობის დაწყება მოგვიწევს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.