Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის" პასუხი კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობას

09 მარტი, 2018 18:06

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა" მათ მიერ ჩატარებული კვლევის [ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველოდაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან] შესახებ კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობის შენიშვნებს განცხადებით პასუხობს. პლატფორმის თქმით, აღნიშნული კვლევის პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომპანიის ხელმძღვანელობამ საჯაროდ შეიტანა ეჭვი: კვლევის მეთოდოლოგია, სინჯების აღების პროცედურა და ანალიზისთვის გამოყენებული დანადგარის მახასიათებლები. „ლიბერალი" გთავაზობთ პლატფორმის განცხადებას:

„კომპანია RMG-ის აღმასრულებელ დირექტორი ჯონი შუბითიძეს საუბრობს კომპანია RMG-ის წვლილზე საქართველოს ეკონომიკაში და კომპანიის კრიტიკოსებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებლებად წარმოგვიდგენს. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას წამოვუდგენთ ფაქტებს, რათა ნათელი გახდეს კომპანიის კონტრიბუციის დონე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. საქსტატზე დაყრდნობით 2016 წლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკაში ზოგადად სამთო მოპოვების სფეროს წილი ქვეყნის მშპ-ის 0.9 %-ია, შესაბამისად მხოლო კომპანია RMG-ის წილი გაცილებით ნაკლებია. მეტალებისა და სამთო მოპოვების საერთაშორისო საბჭოს (ICMM) მიერ შემუშავებული ეკონომიკაში წიაღისეულის მოპოვების კონტრიბუციის ინდექსის მიხედვით, საქართველო აუტსაიდერთა შორისაა. რაც სამთომოპოვებით სფეროში არსებული დაბალი გადასახადებისა და სუსტი რეგულაციების ბრალი უნდა იყოს. მეტიც კომპანია RMG-ის სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული ლოიალობით.

მაგალითად: სახელმწიფომ საყდრისის მონაკვეთზე უფასო ლიცენზია გადასცა. ამ კომპანიას წიაღის მოპოვებისთვის საერთოდ არ გაუვლია ეკოლოგიური ექსპერტიზა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013-2014 წლების მონაცემებით, RMG Gold-ის მიერ გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 29 153 880 ლარს; ჩვენი აზრით, ზარალი გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია. თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს ე.წ. „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის გადასახადები, მიგვაჩნია, რომ ამ გადასახადის გადაუხდელობა კომპანიას მოგებაში ტოვებს, ხოლო ის ჯარიმები, რომლებიც კომპანიას დაბინძურებისათვის ერიცხება სავსებით არაეფექტურია, რაც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და გაიზარდოს.

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს, ადამიანის უფლებათა ბილსა და ორჰუსის კონვენციის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის შესახებ პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონი, კომპანიას უფლებას აძლევს, გაასაიდუმლოს ინფორმაცია მის ლიცენზიით მოპოვებულ ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის მარაგების შესახებ.

კომპანიამ გაანადგურა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საყდრისის პრეისტორიული მაღარო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კანონის დარღვევით ააშენა ოქროს გამამდიდრებელი საწარმო აბულბუქის ხეობაში.

სამაგიეროდ, არანაირ საგრძნობ ახალ ინვესტირებას, თუ რეინვესტირებას კომპანია არ ახორციელებს ზოგადეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ მდორედ აიარაღებს საწარმოს და ინდულგენციური ხასიათის შემოწირულებებს გასცემს რეგიონში. ქვეყანას კი რჩება დაბინძურებული გარემო, დაბინძურებული საკვები, დაავადებული ადამიანები, დაავადებული საქონელი, დაკარგული წიაღისეული, განადგურებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა.

შესაძლებელია ჩვენი გამოთვლები კომპანიამ ისევ ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ კომპანია საკუთარ საწინააღმდეგო არგუმენტაციას გაამყარებს გასაიდუმლოებული ფინანსური და რესურსების მარაგების შესახებ არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებით.

პასუხი კითხვებზე ბატონ კოტე ხაჭაპურიძეს – კომპანია RMG-ის გარემოსდაცით მმართველს

რაც შეეხება საკუთრივ ორ კითხვას რომელიც დაისვა დებატების დროს, და რომელთან დაკავშირებითაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით ვერ მიიღეს პასუხი არის შემდეგი.

  1. რით არის გამოწვეული მდინარე მაშავერასა და მდინარე კაზრეთულაში მონაცემების შემდეგი მდგომარეობა. როდესაც ფონიში, მდინარის ზედა წელში, წყალი სუფთაა, მდინარე კაზრეთულაში კადმიუმის შემცველობა ზედა ზღვარზე დაბალი, ხოლო სოფ. კიანეთთან გაცილებით მაღალი?
  2. ნიადაგების დაბინძურება არის გეოქიმიური-ანომალია?!

პირველ რიგში საკითხი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. ჩვენი კლვევითი ჯგუფის მიერ სინჯები სამჯერ, ივლისში, ოქტომბერსა და ნოემბერში იქნა აღებული. შედეგებმა აჩვენა, რომ მდინარე კაზრეთულა ივლისსა და ნოემბერში კადმიუმით დაბინძურებული არ არის ხოლო ოქტომბერში ზედა დასაშვებ ზღვარს აღემატება და დაბინძურებულია. მიუხედავად ამისა კაზრეთულასა და მაშავერას შეერთებიდან მოშორებით სოფ. კიანეთთან მდინარე მუდამ დაბინძურებულია. ეს მდგომარეობა აიხსნება კუდსაცავების მდებარეობით, რომლებიც მდინარეების შესართავსა და სოფ. კიანეთს შორის არიან განლაგებულნი და საიდანაც გაჟონილი წყლები მდინარე მაშავერაში ჩაედინება, არ უნდა გამოირიცხებოდეს მიწისქვეშა წყლების მოძრაობაც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუდსაცავი, ჩვენ შემთხვევაში, არის მოძველებული დამბა, უხვი ნალექის დროს ეს დამბები ვერ აკავებენ კუდსაცავში ნარჩენებით სავსე სითხეს და ფერდებზე დაგროვებულ ნარჩენებით გაზავებული წყლის ნაკადებთან ერთად მდინარეში ჩაედინებიან. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კომპანია გაჟონვის ფაქტებს უარყოფს, ზემოთ აღწერილი მდგომარეობა კარგად ჩანს, როგორც სატელიტიდან, ჩვენს მიერ გადაღებულ დაბინძურების ამსახველ ფოტო მასალაზე, ასევე ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევების დოკუმენტურ კადრებში. (მეორე პრობლემა, რაც კომპანიას გააჩნია საწარმოო წყლების ჩადინებასთან დაკავშირებით არის აბულბუქის ხევი, სადაც პერიოდულად ხდება საწარმოო წყლებისა, თუ ნალექების მიერ ფერდობების ჩამორეცხვის შედეგად დაბინძურებული წყლების მდინარეში ჩადინება.)

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები უარყოფდნენ მდ. ფოლადაურის დაბინძურების ფაქტს, საბოლოოდ მათ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და დაბინძურება მონათლეს „ისტორიულად“, ხოლო მის განეიტრალებაზე აღებული პასუხისმგებლობა „კეთილ ნებად“. არა და ის ნარჩენები, თუ საწარმოო წყლები, რომლითაც მდ. ფოლადაური და მისი შენაკადები ბინძურდება მდებარეობს კომპანიის ტერიტორიაზე. ლოგიკურად სწორედ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხია ამ დაბინძურების წყაროთა განეიტრალება. სახელმწიფოს უუნარობა პრობლემა მოაგვაროს და კომპანიას დაბინძურების წყაროების განეიტრალება მკაცრად მოსთხოვოს სათავეს იღებს წინა ხელისუფლების ანტიგარემოსდაცვითი პოლიტიკიდან, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს. მაშინ სახელმწიფომ RMG-ის წინამორმედი კომპანიები ჯერ საპრივატიზაციო ხელშეკრულებით, ხოლო შემდგომ 2012 წელს მიღებული არაკონსტიტუციური კანონის წყალობით „ისტორიული დაბინძურებაზე“ პასუხისმგებლობა მოხსნა. შედეგად, მრავალი გარემოსათვის საშიში პრობლემა მიტოვებული აღმოჩნდა და დროდადრო თავს იჩენს. „სუფთა“ მემკვიდრეობის მქონე კომპანია RMG კი, ჩვენი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ნელ-ნელა, ჩუმად იშორებდა და იშორებს წინა მმართველების მიერ დატოვებულ ნარჩენებს, როგორც ეს მოხდა საყდრისის აქციების დროს. ეჭვი გვაქვს ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

რაც შეეხება გეოქიმიურ ანომალიას – თანამედროვე კავკასიის რელიეფის ჩამოყალიბება დასრულდა მეოთხეულ პერიოდში, თუმცა ბუნებრივია დანაოჭების პროცესი აფრიკა-არაბეთისა და ევრაზიის ფილების შეჯახების ფონზე დღესაც გრძელდება. გეოქიმიური ანომალიები დედამიწის სიღრმეებში მიმდინარე გეოქიმიური პროცესების, ზედაპირის ეროზიის და მინერალების გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება. დედამიწის ზედაპირზე ან ბირთვსა და მანტიაში მიმდინარე აქტიური გეოლოგიური ცვლილებები წარმოშობს პირველად გეოქიმიურ ანომალიების, ხოლო დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი მინერალების გარემოსთან ურთიერთქმედება ე.წ. მეორად გეოქიმიური ანომალიებს. ხშირ შემთხვევაში ზედაპირული გეოქიმიური ცვლილებები ტექნოგენური წამომავლობისაა, ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად აკუმულირდება ან ხვდება ზედაპირზე და იწყებს ურთიერთქმედებას გარემოსთან. რა თქმა უნდა ბოლნისისა და დმანისის ტერიტორიებისთვის, როგორც ართვინ-ბოლნისის ბელტის ნაწილისათვის, გეოლოგიური წარსულიდან გამომდინარე, დამახასიათებელია გეოქიმიური ანომალიები, თუმცა მათ წარმოქმნას ათასწლეულები სჭირდება, ხოლო მათ ცვლილებას ინტენსიური სიძლიერის გარემო და გეოლოგიური ცვლილებები. ამ ეტაპზე არცერთი ეს პროცესი ძლიერი ინტენსივობით არ მიმდინარეობს, შესაბამისად ნებისმიერი გეოქიმიური ანომალია აქ საკმაოდ ძველი წარმოშობისაა. გეოლოგების მიერ ამ ტერიტორიაზე აღწერილია გეოქიმიური ანომალიები, თუმცა კადმიუმზე ლაპარაკი არსად არ არის (სპილენძ-თუთია-ტყვიის ანომალიები კი მხოლოდ საბადოს მიმდებარე ტერიტორიების გარკვეულ ადგილებს მოიცავს (მაგ. სოფ. მაშავერა). კადმიუმი საკმაოდ იშვიათი ელემენტია, ის სუფთა სახით ბუნებაში არ გვხვდება და ყოველთვის ასოციაციაშია სხვა ელემენტებთან ერთად (ვერცხლის წყალი, სპილენძი და ტყვია). მაგალითად კადმიუმის ქლორიდი და კადმიუმის სულფატი, თითქმის არასდროს გვხვდება ქანებში, ვინაიდან მარტივად იხსნება წყალში. რაც შეეხება კადმიუმის სულფიდს ის გვხვდება ქანებში თუმცა არასდროს მარტო, იგი ძირითადად გვხვდება მინერალ გრინოკიტის (Cd2356) სახით, რომელიც თავისმხრივ მუდმივად მცირე რაოდენობით გვხვდება თუთიის სულფიდში – მინერალ სფალერიტთან (ZnFe)S. ჩვენი ვარაუდით კადმიუმის ვრცელ ტერიტორიაზე განფენა უკავშირდება ადამიანის საქმიანობას, კერძოდ კომპანია RMG-ის სამთომოპოვებით სამუშაოებს (აფეთქებები და მადნის დამუშავება). კომპანია მოიპოვებს იმ მეტალებს, რომლებთანაც გვხვდება კადმიუმი, ამიტომ კადმიუმის გამდიდრება ხდება მისი თანმდევი მინერალების გამდიდრებისას ან გამოთავისუფლებისას, აუთვისებლობის შემთხვევაში კი ის გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუ დავუბრუნდებით კადმიუმით დაბინძურების მიწერას გეოქიმიურ ანომალიისადმი, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კადმიუმშემცველი გეოქიმიური ანომალიები უნდა მოიცავდნენ კიდევ უფრო მეტ ისეთ მეტალებს, რომელთა გარეშეც კადმიუმი ბუნებაში არ გვხვდება, თუმცა კარიერიდან იმ შორ მანძილებზე მდებარე კადმიუმით დაბინძურებულ ნიადაგებში, სადაც ტყვია ვერ აღწევს მძიმე ატუმური მასის გამო, კადმიუმის გარდა სხვა მძიმე მეტალების მატება არ შეიმჩნევა. ამიტომ კადმიუმის განსაკუთრებულად ანომალიური მომატება, ნიადაგის A და B ჰორიზონტებში, ტექნოგენური ხასიათის უფროა ვიდრე ბუნებრივი ანომალიის გზით წარმოქმნილი. ჩვენი ვარაუდით, ნიადაგის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა მოპოვებითი აფეთქებებისა და სხვა სამუშაოების შედეგად დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი, რომელსაც შორ მანძილზე გადააქვს მსუბუქი ატომური მასის მქონე ელემენტები, ამ შემთხვევაში კადმიუმი, ხოლო მძიმე ატომური მასის ელემენტები, როგორიცაა ტყვია, კარიერის მიმდებარე სოფლებს აბინძურებს. ქარისმიერი – ეოლური წარმოშობის ნალექები კარგი მაგალითია, თუ რაოდენ შორს არის შესაძლებელი ქარების მეშვეობით ქვიშის ნაწილაკების გადაადგილება (მაგალითად საჰარადან ბრიტანეთამდე).

შესაბამისად მტკიცებითი კითხვა იმის შესახებ, რომ კადმიუმის მომატება კარიერის მიმდებარე ტერიოტრიაზე შესაძლოა იყოს გეოქიმიური ანომალია მცდარია, რადგან 2014 წელსა და 2017 წელს შორის შეიმჩნევა მკვეთრი კონტრასტი დაბინძურების დონეებს შორის, სამი წელი კი წარმოუდგენლად ცოტაა ახალი გეოქიმიური კერების გაჩენისათვის. გარდა ამისა იგივეს აფიქსირებენ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციები და სახელმწიფო დაწესებულებები, როგორებიცაა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის" სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მძიმე ლითონებით დაბინძურებული წყალი და ნიადაგი ბოლნისსა და დმანისში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^