გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, დათბობისთანავე საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებში გამოჩენილ აზიურ ფაროსანას მექანიკური საშუალებებით ებრძოლოს.
ლევან დავითაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინა.
„დათბობასთან ერთად, აზიური ფაროსანას აქტივობა გაიზრდება, თუმცა ის ჯერ არ იქნება მაქსიმალურად აქტიური და მხოლოდ შენობებში შევხვდებით. ფაროსანა სამალავებიდან გამოვა და იქნება ოთახებში, თუმცა თავდაპირველად მას მავნებლობისთვის არეალი არ ექნება, რადგან ჯერ არ არის სასოფლო სამეურნეო კულტურები, რაც მის საკვებ არეს წარმოადგენს. ფაროსანას უწევს სახლებში მოძრაობა ან სახლთან ახლოს ყოფნა. ეს არის პერიოდი, როცა ჩვენ ვერ ჩავატარებთ ვერანაირ ქიმიურ წამლობებს იმიტომ, რომ სახლში ქიმიის და მით უმეტეს მძიმე ქიმიის გამოყენება წარმოუდგენელია.
ამის გამო პანიკის დათესვას ბევრი ცდილობს, მათ შორის ამ დღეების განმავლობაში ბევრმა პოლიტიკოსმა ეს თემა თავისი დღის წესრიგის ნაწილად გამოიყენა. მინდა ამ ტრიბუნიდან მოსახლეობას მივმართო, რომ ჩვენ ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას მექანიკური მეთოდებით. ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს უსუსურობას, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არ არის მზად, ჩაატაროს რიგი ღონისძიებები, მაგრამ ჩვენი სლოგანიც ის იყო, რომ ერთობლივი ძალებით უნდა მოვერიოთ პრობლემას. თითოეულმა მოქალაქემ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებში და დამხმარე ნაგებობებში მექანიკურად უნდა მოახდინოს მავნებლის განადგურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ფაროსანას მექანიკურად განადგურების შემთხვევაში მისი პოპულაციის შემცირების სქემა წარმოადგინა:
„1 განადგურებული ფაროსანა ნიშნავს პოტენციურად განადგურებულ 200 ფაროსანას, რადგან 1 მდედრი ფაროსანა 200 კვერცხს დებს და მისგან ჩნდება კიდევ ერთი, ორი ან სამი თაობა. ეს რომ დავიანგარიშოთ, 1 ფაროსანას განადგურებით რიგ შემთხვევაში 20 000 ან 2 მილიონ ფაროსანას ვიცილებთ თავიდან. ამიტომ, მექანიკური საშუალებებით ფაროსანას განადგურება არის მავნებლის პოპულაციის შემცირების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.