
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი თავს უსაფრთხოდ და ნორმალურად გრძნობენ. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ განაცხადა.
„ისინი არიან უსაფრთხოდ, თავს გრძნობენ ნორმალურად. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის, რომ მიეცათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია და გადმოსულიყვნენ საკუთარ ოჯახებთან.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, ვიმედოვნებთ, რომ ესეც მალე მოხდება“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დღეს დატოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.