„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა Facebook-ში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან ფოტოები გაავრცელა, სადაც ასახულია გაჩეხილი ხეები. მისი თქმით, ხეები გაიჩეხა და მოიჭრა, იმ ხის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სოფელ კვირიკეს ერთ-ერთი ოჯახიდან გადააქვს.
„მე სოფელ კვირიკეში დავიბადე, გავიზარდე და ეს ხე ვისგანაც გადააქვს ივანიშვილს არის ჩემი მეზობელი. მოკლედ ერთ-ერთ ოჯახში მივიდა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და უთხრა, რომ მათ აქვთ ევკალიპტის დიდი ხე და ეს ხე უნდა წაეღოთ. როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს ხალხი თავიდან წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე სცადეს, საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ ბიძინა ივანიშვილი გადაიტანდა ამ ხეს“, - ამბობს ხარაზი „ლიბერალთან“.
მისი თქმით, ხის ტრანსპორტირებისთვის დაიწყეს გზის მომზადება, რა დროსაც საბჭოთა პერიოდში ქარსაცავი ზოლისთვის დარგული ხეები მოიჭრეს.
„დაიწყეს საძირკვლის მოწყობა, ამ სოფელში, მიმდებარე ტერიტოირაზე არის ქარსაცავი ზოლი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დარგული, ძალიან დიდი ნაძვის ხეები. ტრანსპორტირებისთვის დასჭირდათ გზა და ამ გზის გასწვრივ მოჭრა ხეები. ამ ხეების ნაწილი კერძო საკუთრებაშია, ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაა. დღემდე ამ მოსახლეობას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ეს ხეები მოეჭრა“, - ამბობს რეზო ხარაზი.
ხეების გასვენება
მისი თქმით, ევკალიპტის ხეები ამ ტერიტორიაზე მალარიასთან საბრძოლველად დაირგო საბჭოთა პერიოდში.
„მახსოვს ჩემი წინაპრები მეუბნებოდნენ, რომ აქ იყო მალარია და ევკალიპტმა გადაარჩინა აქაურობა. პროცესში ჩართული იყო ქობულეთის მერი, ქათამაძე, სუსის ხელმძღვანელობა. დაახლოებით 400 მეტრზე განადგურებულია ყველაფერი. დარჩენილი არის სადღაც 30-დან 50 ძირამდე ხე. ანალოგიური სიტუაციაა ჩაქვში, ცეცხლაურში, მუხაესტატეს დასახლებაში. ხალხი, სამწუხაროდ, ხმას ვერ იღებს“, - ამბობს ხარაზი.